რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის შეიარაღებული ძალების პარკის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ვიაჩესლავ ახმედოვი

5 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო თემატიკის პარკ პატრიოტის დირექტორი, ვიაჩესლავ ახმედოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინოვაციური განვითარების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც, გენერალ-მაიორი ვლადიმირ შესტეროვი.

ახმედოვი ბრალს არ აღიარებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ახმედოვი და შესტერევი ერთად მონაწილეობდნენ ბიუჯეტის იმ თანხების მითვისებაში, რომელიც "კულტურული და დასასვენებელი სამხედრო-პატრიოტული" პარკი პატრიოტისთვისა და ამავე სახელწოდების საგამოფენო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, მიტაცებული თანხები 40 მილიონ რუბლზე მეტია. დაზარალებულად საქმეში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოცხადდა. 

ახმედოვი სამუშაო ადგილზე დააკავეს, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. აქამდე, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარკ პატრიოტთან დაკავშირებით საგამოძიებო სამუშაოები ჩატარდა და საქმე 40 მილიონზე მეტი რუბლის მითვისებას ეხებოდა.

ბოლო თვეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო წმენდა მიმდინარეობს. მაისში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაკარგა სერგეი შოიგუმ. ის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. აპრილიდან დაიწყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავებების ტალღა. დააკავეს, სულ მცირე, ოთხი გენერალი: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი, სამინისტროს კავშირების მთავარი სამმართველოს მეთაური ვადიმ შამარინი და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, ივან პოპოვი. ივანოვი, კუზნეცოვი და შამარინი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს, პოპოვი კი თაღლითობაში.

კომენტარები