რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსული მხარე 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მკაცრად იცავს.
"რუსეთის არმიის ყველა ქვედანაყოფმა 8 მაისის ღამეს სრულიად შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და აქამდე დაკავებულ პოზიციებზე გაჩერდა". – წერია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკისა და ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე იერიშის მცდელობაში ადანაშაულებს:
"ბოლო მონაცემებით, სასაზღვრო რეგიონებში სულ დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 488 შემთხვევა".
28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.
"ცეცხლის შეწყვეტის" ფონზე რუსეთმა 8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე სუმის რეგიონი დაბომბა.
8 მაისის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"ხვალ (9 მაისს), ნაცისტების მხეცობებზე ილაპარაკებს ადამიანი, რომელიც ბუჩაში ძმათა სასაფლაოს მოწყობის ორგანიზატორია. და ლენინგრადს ბლოკადაზეც იქ ისაუბრებენ ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან სამყაროს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 80 წლის წინ: ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო".
პუტინის "ზავს" ასევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა:
"ჩვენი სამხედრო მონაცემების მიხედვით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელ ხაზზე. შუა ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმა მიიტანა, რომელთაგან 23 ამ წუთებშიც გრძელდება. 586 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე, აქედან 464 მძიმე შეიარაღებით. 176 იერიში დრონებით და 10 საჰაერო იერიში 16 მართვადი საავიაციო რაკეტით"
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.