მოქალაქე ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში გუგუჩიას ცოლი, მირანდა ჯობავა ავრცელებს.
ჯობავას ცნობით, გუგუჩიას ბრალი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით წარედგინა.
"თურმე ორი მუხლით უყენებენ ბრალს: ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.
კაცს, რომელსაც ცხოვრებაში, ერთი გადაცდომა არ აქვს ჩადენილი, კაცს, რომელსაც უსამართლო ცხოვრებაში არაფერი არათუ გაუკეთებია, არც უფიქრია, დაჭერას უპირებენ?!?!
ქოცებო, როგორ ბედავთ, როგორ? არ მესმის!!
12 წლის წინ რომ შეხებაც არ ჰქონია, ისეთი 3 კაცის დაჭერას აბრალებენ თან ზეპირად, ამოიღეთ მაგ წყეული არქივიდან საქმეები და გადაამოწმეთ!!!! ესენი ვინ არიან მართლა?!"- წერს ჯობავა.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (სსს) ვიტალი გუგუჩიას სახლში მისულ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახურმა ეს ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა.
პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
გუგუჩია მაღაზიის მფლობელია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა.
"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა - "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი".





