The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა აშშ-სა და არაბული ქვეყნების დეესკალაციის მცდელობებს უარყოფითად უპასუხა. პარალელურად, თეირანში იძიებენ უსაფრთხოების ხარვეზებს, რომლის შედეგადაც ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას ქვეყნის დედაქალაქში აფეთქება შესაძლებელი გახდა.
WSJ-ს ცნობით, შაბათს, 4 აგვისტოს ირანმა არაბ დიპლომატებს შეატყობინა, რომ არ აღელვებთ, თუ ისრაელისადმი გაცემული პასუხი ომს გამოიწვევს.
აშშ-მ ევროპელ და სხვა რეგიონების პარტნიორ მთავრობებს სთხოვა, რომ ირანის საპასუხო ქმედებების დეესკალაცია ეცადათ. ირანის ახალი პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ნებისმიერ დიდ იერიშს პასუხი მოჰყვება და თეირანი დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





