აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიმდინარე კვირის დასაწყისში 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორთან, ხალიდ შეიხ მუჰამედთან და მის 2 თანამზრახველთან, ვალიდ მუჰამედ სალიჰ მუბარაკ ბინ ატაშისა და მუსტაფა აჰმედ ადამ ალ-ჰავსავისთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა. ოსტინმა გადაწყვეტილება 2 აგვისტოს მიიღო.
მანამდე, 31 ივლისს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ აღნიშნულ პირებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
გარიგების დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ამერიკულ მედიაში წერდნენ, რომ სამი ეჭვმიტანილი ბრალის აღიარებას დათანხმდა იმ პირობით, რომ მათ სიკვდილით არ დასჯიდნენ.
11 სექტემბრის ტერაქტებს, როცა ალ-კაიდას ტერორისტებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, ე.წ. ტყუპ კოშკებზე თვითმფრინავების შეჯახების შედეგად დაიღუპა. ამ ტერაქტებს აშშ-ს მიერ ტერორიზმზე ომის გამოცხადება და ავღანეთში შეჭრა მოჰყვა.
ხალიდ შეიხ მუჰამედი თავდასხმის მთავარ დამგეგმავად ითვლება.
11 სექტემბრის ტერაქტების სრული ისტორია წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: 20 წელი 9/11-ის შემდეგ – ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტის ისტორია





