11 სექტემბრის ტერაქტი

ბაიდენმა 11 სექტემბრის თავდასხმაში ბრალდებულების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა

Drew Angerer / Getty Images

ბაიდენმა გუანტანამოს ციხეში მყოფი, 11 სექტემბრის თავდასხმაში ბრალდებული 5 პატიმრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად და ბრალის აღიარების სანაცვლოდ მოსალოდნელი მსჯავრის სამუდამო პატიმრობით შესაცვლელად 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებულ ხუთ პატიმარს აშშ-ს პროკურატურამ გარიგება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით გამოცემა The Times წერდა.

საპასუხოდ გუანტანამოს ციხეში მყოფმა პატიმრებმა, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ თავდასხმის მთავარ არქიტექტორად მიჩნეულმა, ალ-კაიდას მებრძოლმა, ხალიდ შეიხ მუჰამედმა, მოთხოვნების სია ჩამოწერეს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მზად იყვნენ გარიგებას დათანხმებოდნენ. სია სამარტოო საკანში მყოფი მსჯავრდებულებისთვის სხვა პატიმრებთან ერთად ჭამისა და ლოცვის უფლების მიცემას მოიცავდა.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ბაიდენი თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის რეკომენდაციას დაეთანხმა და პატიმრების პირობების შესრულებაზე უარი თქვა.

"ადმინისტრაცია მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ სამხედრო ტრიბუნალის პროცესი სამართლიანია და სამართალს აღასრულებს მსხვერპლებისთვის, გადარჩენილებისთვის, ოჯახებისთვის და დანაშაულში ბრალდებულთათვის". - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა.

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებსა და პენტაგონზე ალ-კაიდას წევრების მიერ გატაცებული თვითმფრინავების შეჯახების და კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტის მოწყობისთვის დაპატიმრებული 5 პირის სასამართლო პროცესი თავდასხმიდან 22 წლის შემდეგაც ჯერ არ გამართულა.

კომენტარები