რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი (ზვართნოცი) ოფიციალურად დატოვეს.
მესაზღვრეების გასვლას ადასტურებს სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანიც:
"31 ივლისის 14:00 საათიდან ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსი მესაზღვრეები აღარ უხელმძღვანელებენ. ვუსურვებ წარმატებას სომეხ მესაზღვრეებს". – წერს სიმონიანი.
27 თებერვალს რუსი მესაზღვრეების აეროპორტიდან გაყვანის ინიციატივით სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი გამოვიდა:
"ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ისინი(რუსი მესაზღვრეები) იქიდან წავიდნენ (ზვართნოცის აეროპორტი). არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საზღვრებს იცავენ".
6 მარტს, იგივე აზრი გამოთქვა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა:
"სომხეთს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ ოფიციალურ წერილში შეატყობინა. სომხეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო აეროპორტ ზვართნოცის მეთვალყურეობას სომხეთის მესაზღვრეები უნდა ასრულებდნენ".
კითხვაზე, თუ რამ წარმოშვა ამის საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი სხვადასხვა მიმართულებით პოტენციალს იძენს და მოცემულ მომენტში აეროპორტის სრული კონტროლის შესაძლებლობა გააჩნია.
1992 წლიდან დღემდე რუს მესაზღვრეებს ზვართნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.





