რუსი მესაზღვრეები სომხეთში

სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანის შესახებ შეატყობინა

ერევნის აეროპორტი
Photolure/ТАСС

რუსეთმა, სომხეთისგან, ერევნის აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანის შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებს.

27 თებერვალს რუსი მესაზღვრეების აეროპორტიდან გაყვანის ინიციატივით სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი გამოვიდა:

"ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ისინი(რუსი მესაზღვრეები) იქიდან წავიდნენ (ზვარტნოცის აეროპორტი). არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საზღვრებს იცავენ".

6 მარტს, იგივე აზრი გამოთქვა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა:

"სომხეთს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ ოფიციალურ წერილში შეატყობინა. სომხეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო აეროპორტ ზვართნოცის მეთვალყურეობას სომხეთის მესაზღვრეები უნდა ასრულებდნენ".

კითხვაზე, თუ რამ წარმოშვა ამის საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი სხვადასხვა მიმართულებით პოტენციალს იძენს და მოცემულ მომენტში აეროპორტის სრული კონტროლის შესაძლებლობა გააჩნია. 

1992 წლიდან დღემდე რუს მესაზღვრეებს ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.

კომენტარები