ინგლისურენოვანი უკრაინული გამოცემა Kyiv Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) სირიაში ოპერაციები ჩაატარა და რუსულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. გავრცელებულია ვიდეოც, რომლებშიც, Kyiv Post-ის ცნობით, ნახსენები თავდასხმებია ასახული.
მედიის მტკიცებით, მათ სადაზვერვო სამსახურის წყარომ უთხრა, რომ მათმა "ხიმიკის" ჯგუფმა სირიაში რუსულ ძალებზე იერიში 2024 წლის ივლისის ბოლოს მიიტანა.
წყაროების თქმით, სამიზნე კვაირესის საჰაერო ბაზის სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო. ეს ბაზა ალეპოს აღმოსავლეთით მდებარეობს. ობიექტს რუსი სამხედროები 2015 წლიდან აკონტროლებენ.
ვიდეოებში ნაჩვენებია თავდასხმის ძირითადი მომენტები. ჩანს ტრანსპორტირებადი ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, რომელსაც ანადგურებენ. შემდეგ ვიდეოში კი ასახულია თავდასხმა ავიაბაზაზე. წყაროების ცნობით, თავდასხმა 25 ივლისს შედგა, ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.
კადრებში ჩანს, რომ მისიის შემსრულებლები არაბები არიან. ისინი არაბულად საუბრობენ, თუმცა ხელში უჭირავთ ГУР-ის სიმბოლო.
Kyiv Post-ი ასევე წერს, რომ ამ ბაზას უკრაინაში მებრძლი უცხოელი დაქირავებული სამხედროების საწვრთნელადაც იყენებდნენ.
Kyiv Post-ი აქამდე ივნისში ირწმუნებოდა, რომ უკრაინის სპეციალურმა ძალებმა სირიაში რუსულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანეს.
აქამდე Kyiv Post-მა გასულ დღეებში გაავრცელა ფოტო, რომელშიც მალის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ტუარეგებს უკრაინის დროშა ეჭირათ. რამდენიმე დღით ადრე მათ მალიში ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები დანაყოფი გაანადგურეს. უკრაინსი სამხედრო დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის შედეგადაც წარმატებილი ოპერაცია შედგა.