ისმაილ ჰანიას მკვლელობა

მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას მძიმედ გაზღვევინებთ – ნეთანიაჰუ ირანს აფრთხილებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანის თავდასხმის მოლოდინში, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ყველაფრისთვის მზად არიან და იერიშის შემთხვევაში უკან დახევას არ აპირებენ.

"ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - თავდასხმისთვისაც და თავდაცვისთვისაც." – თქვა ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის გახსნის დროს.

"ისრაელის სახელმწიფო ირანის ბოროტების ღერძს რამდენიმე ფრონტზე ეომება... ჩვენ მის ყოველ ხელს დიდი ძალით ვურტყამთ." – თქვა ისრაელის პრემიერმა. 

ნეთანიაჰუმ ირანი გააფრთხილა, რომ აგრესიის შემთხვევაში პასუხს აგებენ. 

"ვიმეორებ და ჩვენს მტრებს ვეუბნები: ჩვენს წინააღმდეგ მომართულ ნებისმიერ აგრესიას პასუხს გავცემთ და მძიმედ გაზღვევინებთ." – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუს სიტყვებიდან მცირე ხნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ნებისმიერი სახის თავდასხმას დაუყოვნებელი პასუხი გასცეს.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.

ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან. 

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.

კომენტარები