16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურების მუშაობის ფარგლებში მოლდოვაში, კიშინიოვში დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფება მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერი, 20 წლის მიხაილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ებრაელი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების კანფეტებით მოწამვლას გეგმავდა.
ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის - TRAC-ის გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ ჩხიკვიშვილი, შესაძლოა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
მანიაკთა მკვლელობის კულტი 2010-იანი წლების ბოლოს, უკრაინაში შექმნილი ჯგუფია, რომელმაც ფეხი რუსეთშიც მოიკიდა. მათი ხელწერა რუსეთში ათწლეულით ადრე დაფუძნებული ნეონაცისტური მოძრაობების მეთოდებს ჰგავდა. მანიაკთა მკვლელობის კულტი, შემოკლებით МКУ არაა კარგად სტრუქტურირებული დაჯგუფება, როგორიც, მაგალითად, ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციებია. მოძრაობასთან აფილირებული მცირე რაოდენობის 20 წლამდე ახალგაზრდები უნდა იყვნენ, დამფუძნებლადაც კი, 20 წლის ბიჭი ითვლება. თუმცა, ჩხიკვიშვილის საქმიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ჯგუფს გააჩნია დაშიფრული კომუნიკაციის საშუალება, ასევე აქვთ ასაფეთქებლებისა და საწამლავის დამზადების ცოდნა და შეუძლიათ თანამოაზრეების მსოფლიო მასშტაბით რეკრუტირება.
თუმცა, МКУ იმაზე სახიფათო და საშიში მოძრაობის ნაწილია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

TRAC
როდის გავრცელდა პირველი ცნობები ჩხიკვიშვილის დაკავების შესახებ
8 ივლისს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ (როგორც შემდეგში გაირკვა, 6 ივლისს) კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ინფორმაცია ინტერპოლის მეშვეობით დადასტურდა. თუმცა ინტერპოლით ძებნილი ორიდან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა იყო. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციას არ დაუწერია ბიჭის სახელი, თუმცა აღნიშნეს, რომ ის 20 წლის იყო. მისი დაკავების ორდერი აშშ-ს ტერორიზმის დანაშაულის გამო უკვე გაცემული ჰქონდა.
ორი ახალგაზრდა კიშინიოვში სტამბოლის რეისით ჩაფრინდა. მეორე დაკავებული 19 წლის იყო. როგორც განცხადებაში ეწერა, დამატებითი შემოწმების შემდეგ მოლდოველმა სამართალდამცველებმა ამოიღეს დამადასტურებელი საბუთები, რომ 20 წლის ბიჭს საბრძოლო-სასწავლო ცენტრში გავლილი ჰქონდა სპეციალიზებული მომზადება, ამოიღეს ტერორისტული შინაარსის მულტიმედია მასალაც.

ამის შემდეგ 20 წლის ბიჭი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, 19 წლის ახალგაზრდა კი, მოლდოვის ტერიტორიაზე დაუშვებელ პირად გამოაცხადეს და თურქეთში დააბრუნეს. უცნობია ამ უკანასკნელის ვინაობა და მისი ბედი.
მეთაური ყასაბი
დაკავებული ჩხიკვიშვილის გეგმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში დაწვრილებითაა აღწერილი. საბუთი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტმა შეადგინა, რომელიც ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. იგი თავად იყო შენიღბული სამართალდამცველი, რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდა ჩხიკვიშვილთან, ამ უკანასკნელს კი ის თანამოაზრე ეგონა.
2022 წლის ივლისიდან მოყოლებული მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერი ნიუ-იორკში თანამოაზრეების რეკრუტირებას ცდილობდა. ქართველი რადიკალის ზედმეტსახელი მეთაური ყასაბი, ან უბრალოდ ყასაბი იყო.
როგორც FBI-ის აგენტი ანგარიშში წერს, 2021 წლის სექტემბრიდან ადამიანი, ზედმეტსახელად მეთაური ყასაბი, თავს აცხადებდა МКУ-ს "რეკრუტერად", "ადმინისტრატორად", "კურატორად" და ავრცელებდა ექსტრემისტულ მანიფესტს, სახელად "მოძულის სახელმძღვანელო". ეს რადიკალური ტექსტები ჯგუფის დაშიფრული კომუნიკაციების არხებზე ქვეყნდებოდა. "მოძულის სახელმძღვანელოს" მესამე გამოცემის ავტორად მოხსენიებული იყო "მეთაური ყასაბი და МКУ-ს კოლექტივი". მასში საუბარი იყო დაჯგუფების პრინციპებზე და წევრებს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებდა. მანიფესტის ზოგიერთი თავის სახელწოდება იყო "ანარქიის იარაღები" და "თეთრი რასა - ერთი რასა".
ექსტრემისტული მანიფესტის შესავალში მეთაური ყასაბი ირწმუნებოდა, რომ მას "თეთრი რასისთვის" მკვლელობა ჩაუდენია და მზად იყო "დამპალი სამყაროსთვის მეტი ქაოსის მოსატანად". როგორც ეწერა, წიგნი იყო "სასტიკი მებრძოლებისთვის", რომლებიც მზად არიან "მასობრივი აქციებისთვის". "აქციას" მსგავსი ჯგუფები ძალადობრივ აქტებს ეძახიან, რაზეც ყურადღებას ანგარიშში FBI-ის აგენტიც ამახვილებს. მეთაური ყასაბი წერდა, რომ ჯგუფის მიზანი "ლუციფერის ცეცხლის გავრცელება" და "მისი ეთნიკური წმენდის მისიის გაგრძელება" იყო.
მანიფესტი მკითხველებს მოუწოდებდა სკოლებში სროლის მოწყობისკენ, ბავშვების სუიციდურ აფეთქებებში გამოყენებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მანქანებით შევარდნისკენ და მასობრივი მკვლელობების სხვა საშუალებებისკენ. მათი სამიზნე ეროვნული უმცირესობები უნდა ყოფილიყო. FBI-ის აგენტის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით წახალისებული იყო თავდასხმების აშშ-ში მოწყობა.
ჩხიკვიშვილი ამერიკაში და მისი შეყვარებული
FBI-იმ და აშშ-ს ანტიტერორისტულმა ორგანო JTTF-მა დაადგინეს, რომ მეთაური ყასაბი საქართველოს 20 წლის მოქალაქე, მიხაილ ჩხიკვიშვილი იყო, რომელიც ამერიკაშიც ყოფილა ჩასული. 2023 წელს FBI-ის ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვინაობაც ანგარიშში დასახელებული არაა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით მას JTTF-ს აგენტები დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც გოგომ სამართალდამცველებს ნებაყოფლობითი ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ ჩხიკვიშვილი, რომელსაც მიშკას ეძახდა, მისი ყოფილი შეყვარებული იყო. ახალგაზრდა ქალის თქმით, ქართველი ბიჭი მასთან 2022 წლის მარტისა და აპრილის შუალედში ჩავიდა, რაც სამოგზაურო მონაცემებითაც დასტურდება. გოგომ ასევე თქვა, რომ აპრილის შემდეგ ჩხიკვიშვილი ბრუკლინში, ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც ის ბებიასთან რჩებოდა. სამოგზაურო მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ აშშ-ში მეორედ 2022 წლის ივნისში იმოგზაურა და დასარჩენ ადგილად მართლაც მამის მხრის ბებიის სახლი ჰქონდა მითითებული.
როგორც FBI-ის ანგარიშში წერია, სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან, ჩხიკვიშვილი თანამოაზრეებს სოციალური პლატფორმებიდან МКУ-ს სახელით დანაშაულების ჩადენისკენ მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდში, ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერს კავშირი ჰქონდა პირთან, რომელიც პერსპექტიულ რეკრუტად მიაჩნდა და მას ნიუ-იორკში მასობრივი ძალადობისკენ მოუწოდებდა. ეს ადამიანი სინამდვილეში სწორედ FBI-ის აგენტი იყო. ჩხიკვიშვილი მას უბიძგებდა აფეთქებებისკენ, ხანძრის გაჩენისკენ და ბავშვების მოწამვლისკენ, მიზანი კი ერთი უნდა ყოფილიყო - ეროვნული უმცირესობებისთვის, ებრაელებისთვისა და უსახლკაროებისთვის ზიანის მიყენება. გადაცმულ აგენტს ე.წ. კულტის ლიდერმა ბომბის გაკეთების ინსტრუქციები და თავდასხმებისთვის საჭირო მითითებებიც მისცა. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩხიკვიშვილი ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ მედიაზე ზემოხსენებულ ახალგაზრდა ქალს მოკვლით ემუქრებოდა.
მოკავშირეების პოვნა ამერიკაში
FBI-ის აგენტის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ჩხიკვიშვილს რეგულარული კავშირი ჰქონდა МКУ-ს მსგავსი დაჯგუფების, Feuerkrieg Division-ის (FKD) ლიდერთან. FKD ასევე იზიარებს ნეონაცისტურ იდეოლოგიას და მათ სამიზნეში არიან ეროვნული უმცირესობები, ებრაელები, სექსუალური უმცირესობები და ჟურნალისტები. ეს ლიდერი 32 წლის ნიკოლას ველკერი იყო. მან 2023 წლის სექტემბერში აღიარა, რომ ჟურნალისტს მკვლელობით ემუქრებოდა.
აქამდე ჩხიკვიშვილი ველკერს ესაუბრებოდა აშშ-ში МКУ-ს სახელით ძალადობრივი აქტების ჩადენაზე. ის FKD-ს ლიდერს არწმუნებდა, რომ ჯერჯერობით МКУ იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც ბევრი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და ეუბნებოდა, რომ მალე ახალ "აქციებს" გეგმავდნენ. ასევე ჩხიკვიშვილი ველკერს ეკითხებოდა, შეეძლო თუ არა აშშ-ში იარაღის არალეგალურად შოვნა და სთავაზობდა, რომ ხალხი, დახოცვის გარდა, უნდა გაეძარცვათ კიდეც.
როგორც ჩხიკვიშვილი FKD-ს ლიდერთან საუბარში 2022 წლის 11 ივლისს ირწმუნებოდა, ის ბრუკლინში ებრაელთა ოჯახის რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობდა და ებრაელ მოხუც პაციენტს აწამებდა. "დღეს კინაღამ მოვკალი," - ეუბნებოდა ექსტრემისტი თანამოაზრეს ერთ-ერთ წერილში. JTTF-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ჩხიკვიშვილი ბრუკლინში მდებარე რეაბილიტაციის ცენტრში მართლაც მუშაობდა და დაქირავებული ჰყავდა ორთოდოქსი ებრაელების ოჯახს. 2022 წლის ივლისში საქართველოს მოქალაქე პასუხისმგებელი იყო ოჯახის ერთ-ერთი წევრის მოვლაზე, ეს ადამიანი ახლა ცოცხალი აღარაა. FBI-ის აგენტის ანგარიშის მიხედვით, ის 2022 წლის აგვისტოში ან სექტემბერში გარდაიცვალა. გამოძიება მის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჩხიკვიშვილს არ აბრალებს.

ჩხიკვიშვილი ველკერს მსგავს თემებზე 2023 წლის მარტის ბოლომდე ესაუბრებოდა, მანამ, სანამ FKD-ს ლიდერს დააკავებდნენ. ამ პერიოდში, ერთ-ერთი დიალოგის დროს თანამოაზრე საქართველოს მოქალაქეს ეკითხებოდა, როგორ აერიდებინათ МКУ-სთვის გადაღებულ ძალადობრივ ვიდეოებზე სამართალდამცველების მიერ კვალის აღება. საუბარი იყო ისეთ კადრებზე, რომლებშიც გამოჩნდებოდა ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ამას МКУ საკუთარი ახალწვეულებისგან და წევრებისგან ითხოვდა.
გამოძიების მიხედვით, ჩხიკვიშვილმა გახსნა კრიპტოვალუტის გაცვლის ანგარიში, სადაც ზედმეტსახელად საკუთარი შერქმეული სახელი - Commander Butcher-ი დაიწერა და ქართული IP მისამართით შედიოდა.
FBI-ის აგენტი და ებრაელი ბავშვების მოწამვლის გეგმა
FBI-ის შენიღბულმა აგენტმა ჩხიკვიშვილთან კონტაქტი 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. კომუნიკაციის დროს საქართველოს მოქალაქე საუბრობდა მასობრივი ძალადობის აქტებზე, რომლებსაც ქალაქ ნიუ-იორკში МКУ-ს სახელით გეგმავდა. ეს ქმედებები მოიცავდა აფეთქებებს, ხანძრებსა და ხალხის საწამლავით, მაგალითად რიცინით მოწამვლას.
2023 წლის 8 სექტემბერს ჩხიკვიშვილი FBI-ის აგენტს ესაუბრებოდა დაჯგუფებისთვის "მანიაკების" რეკრუტირებაზე, მას ასევე უთხრა, რომ წერდა "მოძულის სახელმძღვანელოს" მესამე გამოცემას, რომელიც "პირდაპირ აქციებს" შეეხებოდა. მიმოწერაში საქართველოს მოქალაქე წერდა: "აშშ-ში დიდ პოტენციალს ვხედავ, რადგან ცეცხლსასროლ იარაღსა და სხვა რესურსზე წვდომაა". აგენტს ექსტრემისტი ახალგაზრდა უგზავნიდა ვიდეოების ბმულებს. კადრებში სასტიკი მკვლელობები და თავდასხმები იყო აღბეჭდილი. ჩხიკვიშვილი ირწმუნებოდა, რომ კადრებში ჩანდა МКУ-ს წევრების მიერ ადამიანებისთვის თავის მოჭრისა და ავტობუსების აფეთქების სცენები.
FBI-ის აგენტმა ჩხიკვიშვილს კომუნიკაციის დროს ჰკითხა, არსებობდა თუ არა МКУ-ში გაწევრიანების რაიმე სახის სააპლიკაციო პროცესი. ამაზე მან მიიღო პასუხი, რომ ჯგუფი ახალწვეულებისგან დაუნდობელ თავდასხმებს, ხანძრებისა და აფეთქებების მოწყობას, ან მკვლელობებს ითხოვდა. ეს ყველაფერი გადაღებული უნდა ყოფილიყო. საუბარში ჩხიკვიშვილი ამბობდა, რომ მკვლელობისთვის საუკეთესო მეთოდი მოწამვლა და ხანძარი იყო. ის FBI-ის გადაცმულ აგენტს აშშ-ში მასობრივი მკვლელობების გეგმებზეც ესაუბრებოდა და ხაზს უსვამდა, რომ სამიზნეები "დაბალი რასის" წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.
თანდათან ჩხიკვიშვილმა აგენტისთვის უფრო სპეციფიკური ინსტრუქციების მიცემა დაიწყო. დაახლოებით 2023 წლის 29 სექტემბერს აგენტმა მას ჰკითხა, რა სახის "აქცია" ანუ ქმედება უნდა ჩაედინა МКУ-ში გასაწევრიანებლად. საქართველოს მოქალაქემ მას ურჩია, რომ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაემზადებინა და ურჩია, ლურსმნებიც გამოეყენებინა. ამას გარდა, გაუგზავნა რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელშიც საუბარი იყო ცივი იარაღით ადამიანის მკვლელობასა და შემდეგ კვალის დამალვაზე. კიდევ ერთ ინსტრუქციაში განხილული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების დეტალები, ცალკეული მითითებები ხანძრის გაჩენასაც ეხებოდა. ეს ორი უკანასკნელი სახელმძღვანელო რუსულ ენაზე იყო. ჩხიკვიშვილი FBI-ის აგენტს ეუბნებოდა: "აშშ-ში ნებისმიერი ვიღაცის მოკვლა МКУ-ისთვის მხარდაჭერაა".

ამის შემდეგ FBI-ის შენიღბულმა აგენტმა ექსტრემისტი დაარწმუნა, რომ თავდასხმის შესასრულებლად პენსილვანიიდან ნიუ-იორკში გაემგზავრებოდა. ჩხიკვიშვილმა მას მისცა ინსტრუქციები, რომ ისეთი ადგილი აერჩია, სადაც ხანძარი მარტივად გაჩნდებოდა. ურჩევდა იმასაც, რომ მისი სამიზნეები უსახლკარო ადამიანები ყოფილიყვნენ, რადგან, "რომც დახოცილიყვნენ", მთავრობა მათზე არ იდარდებდა.
დაახლოებით 2023 წლის 17 ოქტომბერს ჩხიკვიშვილი აგენტს წერდა: "აუცილებლად დარწმუნდი, რომ ბევრი ადამიანი მოკვდება ჩვენი ხელით." ურჩია ვიდეოს გადაღებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ამ თავდასხმას აზრი არ ექნებოდა. ჩხიკვიშვილი რეგულარულად აქებდა ისეთ იდეოლოგიებს, როგორიც ისლამისტური ჯიჰადია და ამბობდა, რომ საკუთარ თავს "დიდი სიამოვნებით" აიფეთქებდა. ექსტრემისტმა FBI-ის აგენტს ოქტომბრის შუა რიცხვებში ურჩია, რომ ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე გადასულიყვნენ. 2023 წლის 30 ოქტომბერს გაუგზავნა საკუთარი მანიფესტიც. სამართალდამცველმა კომუნიკაცია გააგრძელა. მეტი დამაჯერებლობისთვის, მან ჩხიკვიშვილს უთხრა, რომ მოლოტოვის კოქტეილები დაამზადა, თუმცა მათ ვერ იყენებდა. ნოემბრის დასაწყისში ექსტრემისტს ახალი იდეა გაუჩნდა. მიმოწერაში ის ამბობდა, რომ სურდა ნორვეგიელ ნეონაცისტ ანდრეს ბრეივიკის თავდასხმაზე მასშტაბური აქტი ჩაედინა. მან დასახა ეროვნული უმცირესობების დახოცვის გეგმა, რომელიც ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს მის სანტა კლაუსად გადაცმულ თანამოაზრეს მოწამლული კანფეტებით უნდა შეესრულებინა. ამ მიზნისთვის ჩხიკვიშვილმა FBI-ის აგენტი შეარჩია. მან აგენტს, რომელიც თანამოაზრე ეგონა, მიაწოდა დეტალური გეგმა, როგორ მოეწამლა კანფეტები და როგორ დაემალა კვალი. საწამლავის დასამზადებლად გაუგზავნა “მოჯაჰედის საწამლავის სახელმძღვანელო”, რომელსაც ISIS-ი და მსგავსი ორგანიზაციები იყენებდნენ. ჩხიკვიშვილი თავდასხმის შესრულების შემდეგ აშშ-ს მთავრობისთვის მიმართვას აპირებდა.
2023 წლის დეკემბერში ჩხიკვიშვილი და FBI-ის აგენტი ძირითადად საწამლავის დამზადებასა და მის ქმედუნარიანობაზე საუბრობდნენ. როცა სამართალდამცავმა უთხრა, რომ ნივთიერება საკმარისი რაოდენობით არ ჰქონდა, ექსტრემისტმა ის დააჩქარა: "დიდი დრო არ დაგვრჩა, ძმაო. ახალი წელი მოდის". ჩხიკვიშვილი მას ეკითხებოდა, რა სახელით ეხსენებინა МКУ-ს ვიდეოში თავდასხმის შემდეგ. უკვე 28 დეკემბერს აგენტს უთხრა, რომ თავდასხმის შესრულება ახალი წლის ღამეს აუცილებელი არ იყო, თუმცა უბიძგებდა, რომ საწამლავი ადამიანებზე გამოეცადა. ჩხიკვიშვილმა ახალი გეგმა მოიფიქრა და გადაწყვიტა, რომ სამიზნე ებრაელების თემი გამხდარიყო და თავდასხმა მათ რომელიმე დღესასწაულზე, სკოლაში ჩაედინათ. მიმოწერაში ჩხიკვიშვილი "მკვდარი ებრაელი ბავშვების" ხილვაზე ოცნებობდა.
სხვა საუბრებში ჩხიკვიშვილი აშშ-ში დაბრუნებაზე ფიქრობდა და ამბობდა, რომ არალეგალური აქტივობისთვის "კარგი ადგილი" იყო. მისი მტკიცებით, აპირებდა ნიუ-იორკში ხალხის მოწამვლას, აფეთქებებს. ირწმუნებოდა, რომ მოკლული ჰყავდა ებრაელი - "მიხარია, რომ მკვლელობა ჩავიდინე" - წერდა ის და ამბობდა, რომ კიდევ მეტ ადამიანს მოკლავდა. პარალელურად სხვადასხვა სოციალურ ქსელში МКУ-ს რეკრუტირების პოსტებს აქვეყნებდა.
დოკუმენტში არაა საუბარი იმაზე, თუ რა სახით გაგრძელდა კომუნიკაცია ჩხიკვიშვილსა და FBI-ის აგენტს შორის მარტის თვემდე. ბოლო ნახსენები მესიჯი 2024 წლის 18 იანვრითაა დათარიღებული. ექსტრემისტი აგენტს ეკითხებოდა: “როდის ველოდო სიახლეებს?”.
მანიაკები: მკვლელობის კულტი – დიდი სურათის პატარა ნაწილი
არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ როდის შეიქმნა მანიაკები: მკვლელობის კულტი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს 2017 წელს მოხდა. მაგალითისთვის, ამას წერდა მოსკოვის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ასევე ზოგიერთი რუსული მედიაც. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე ჩანს, რომ მიხაილ ჩხიკვიშვილი დაჯგუფების შექმნის თარიღად თავადაც 2017 წელს მიიჩნევდა. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით კი, ჯგუფი 2018 წელს შეიქმნა. დაფუძნების ადგილი უკრაინა, ქალაქი დნეპრია.
ჯგუფის დამფუძნებელი 2000 წელს დაბადებული ეგორ კრასნოვია, რომელიც ქალაქ დნეპრიდანაა. მისი ზედმეტსახელია "მანიაკი". კრასნოვი ძალადობისკენ მიდრეკილებაში ბავშვობიდანვე იყო შემჩნეული. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მან სკოლის ტუალეტში თანასკოლელი აწამა და ფული გამოსძალა. მანამ, სანამ ის მანიაკი გახდებოდა, თავს საფეხბურთო კლუბ დნეპრის ულტრად აცხადებდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი Настоящее Время 2021 წელს ესაუბრა "მანიაკის" კლასელებს, რომლებმაც თქვეს, რომ კრასნოვს ბავშვობის ტრავმები და ნარკოდამოკიდებულება აწუხებდა. ერთ-ერთი კლასელი ამბობდა, რომ ის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.
ეგორ კრასნოვი 2020 წლის იანვარში, ქალაქ დნეპრში დააკავეს. ის ერთ-ერთ კაფეში ფლობერის მცირე კალიბრის ვაზნებიან რევოლვერს ატრიალებდა, რაც კამერაში ობიექტის დაცვამ შენიშნა და პოლიციას გამოუძახა. პოლიციამ კრასნოვების სახლი გაჩხრიკა, ეგორი გაუშვეს, თუმცა მას იარაღის უკანონო ტარებისთვის პირობითი პატიმრობა ემუქრებოდა. ჩხრეკის დროს პისტოლეტის გარდა ამოიღეს ბიჭის დანაც. მალე გაირკვა, რომ ეს დანა დნეპრში მომხდარ თავდასხმას უკავშირდებოდა. ამ იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ერთ ახალგაზრდას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა გადარჩა. ეგორ კრასნოვი კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც აღარ გაუთავისუფლებიათ. დნეპროპეტროვსკის ოლქის პროკურატურა აცხადებდა, რომ კრასნოვს ბრალად ედებოდა რამდენიმე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა.

ჯგუფი საჯაროდ ცნობილი 2021 წელს გახდა, როცა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) რუსეთში მათი თანამოაზრეების დაკავება დაიწყო. მაშინ, როცა ქვეყანაში ალექსეი ნავალნი ახალდაბრუნებული იყო, მოსკოვმა ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული შეუქმნა და ირწმუნებოდა, რომ МКУ-ს უკრაინის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. ამ ბრალდებას კიევი უარყოფდა. 2021 წლის დასაწყისში ФСБ აცხადებდა, რომ МКУ-ს მხარდამჭერები დააკავეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ტამბოვში, ვორონეჟში, გელენჯიკსა და იაროსლავში. ოცი დაკავებული ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს, ერთი კი - ტერაქტის მომზადების. სწორედ ამ პერიოდში МКУ-სთან დაკავშირება Настоящее Время-მ შეძლო. ჯგუფი მედიასთან ამბობდა, რომ ყველა დაკავებულს იცნობდნენ, ვორონეჟელების გარდა. 2023 წლის 16 იანვარს რუსეთმა МКУ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
თუმცა, იქამდე, ჯერ კიდევ 2019 წელს ნეონაცისტურ ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა მოკლე ვიდეოები, რომლებშიც ქუჩის ჩხუბები და გამვლელებზე დანით თავდასხმები ჩანდა. ძალადობაზე პასუხისმგებლობას МКУ იღებდა. საუბარია დაახლოებით 30-ზე მეტ სხვადასხვა თავდასხმაზე. 33 ვიდეოში მოქმედება ქალაქ დნეპრში ხდებოდა, 3-ში - სანქტ-პეტერბურგში. ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც МКУ მიიწერდა, 2017 წელს სხვა, რუსულ ნეონაცისტურ ჯგუფს ეკუთვნოდა. ვიდეოების ნაწილში ერთ-ერთი თავდამსხმელი თავად ეგორ კრასნოვი იყო. სამიზნეები მიგრანტები, უსახლკაროები და ზოგჯერ უბრალო გამვლელები ხდებოდნენ.
უცნობია, დასრულდა თუ არა ეგორ კრასნოვის საქმის განხილვა და რამდენი წელი მიესაჯა მას. დადიოდა ხმები, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, თუმცა ეს სიმართლე არ გამოდგა. Настоящее Время 2021 წელს “მანიაკს” ესაუბრა. მას იზოლატორში ინტერნეტზე წვდომა ჰქონდა. კრასნოვი ირწმუნებოდა, რომ მან პირველი ადამიანი, რომელიც უსახლკარო იყო, 14 წლის ასაკში მოკლა. დეტალები მან Настоящее Время-სთან მოყვა, მაგრამ მედიამ ვერ დაადასტურა, რომ დანაშაული, რომელზეც ის საუბრობდა, მართლა ჩაიდინა. თუმცა, Настоящее Время-მ შეძლო, დაკავშირებოდა კრასნოვის სირიელ მსხვერპლს, რომელსაც დნეპრში 2019 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა საუბრობდა, როგორ სცემდნენ სკინჰედები მას და მის ორ მეგობარს. დაუკავშირდნენ კიდევ ერთ მსხვერპლს, პროგრამისტ დმიტრის, რომელმაც ითხოვა, რომ გვარი არ დაესახელებინათ. მას და მის მეგობარს თავს ასევე 2019 წელს დაესხნენ. პროგრამისტს სცემეს, გაძარცვეს და დანით ზურგის არეში ჭრილობები მიაყენეს.
დღეს კვლავ არსებობს МКУ-სთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები, რომლებზეც ჩანს, რომ ეგორი მათი საკულტო ფიგურაა. რეგულარულად დებენ მის ძველ ფოტოებს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ავრცელებდნენ მის თვითდაზიანებების ამსახველ ვიდეოებსაც.
რუსეთსა და უკრაინაში МКУ-ს მსგავსი დაჯგუფებები სიახლე არაა. ასეთი მოძრაობები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. უკვე 2000-იანი წლებიდან ვრცელდებოდა მკვლელობებისა და ძალადობის ამსახველი ვიდეოები. მაგალითისთვის, 2007 წელს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტაჯიკ ახალგაზრდას რუსი ნაცისტები თავს აჭრიდნენ, დაღესტნელს კი თავის არეში ესროდნენ. თუმცა, ერთი შეხედვით, МКУ-ს ხელწერა უფრო მეტად ჰგავს ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალის, ან შემოკლებით NS/WP Crew-ის ხელწერას. 2000-იანების ბოლოს და 2010-იან წლების დასაწყისში ეს რუსული დაჯგუფება, რომელშიც ძირითადად 20-25 წლის ახალგაზრდები შედიოდნენ, აქვეყნებდა მკვლელობებისა და თავდასხმების ვიდეოებს. ამას გარდა МКУ-სთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხზე, რომელიც დღესაც აქტიურია, შესაძლებელია NS/WP Crew-ის სიმბოლიკიანი ფოტოების ნახვა. მეტიც, 2021 წელს რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია SOVA, რომელიც უცხოელ აგენტადაა გამოცხადებული, ორი ჯგუფის თანამშრომლობაზე საუბრობდა.
თუმცა, რეალურად, МКУ-ზე არსებულ ინტერნეტრესურსებზე ჩაღრმავების შემთხვევაში ბევრად უფრო შემაშფოთებელი კავშირების აღმოჩენაა შესაძლებელი.
მოზარდების შანტაჟისა და სადიზმის მოყვარულთა ქსელი ონლაინ პლატფორმებზე – შემაშფოთებელი დიდი სურათი
როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინის გარეთ МКУ-სთან დაკავშირებული პირველი სასტიკი დანაშაული რუმინეთში მოხდა. 2022 წლის აპრილში 17 წლის ნინო ლუჩიანო ჰ.-მ 74 წლის ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. ეს ყველაფერი მან აპლიკაცია Discord-ის სერვერზე, პირდაპირ ეთერში, თანამოაზრეების დასანახად აჩვენა, შემდეგ ვიდეო ტელეგრამ-არხზეც ატვირთა. ის იყენებდა ზედმეტსახელ Tobbz-ს. მკვლელობის მიზეზად მოზარდმა პოლიციასთან თქვა, რომ მსხვერპლი ბოშური წარმოშობის ეგონა. თავდასხმამდე 2 კვირით ადრე თინეიჯერმა კიბეზე დააგორა 82 წლის მამაკაცი, რომელიც გადარჩა, თუმცა მას დიდი ხნით ჰოსპიტალიზაცია მოუწია.
იქამდე, ტობზი რუმინეთში გერმანიიდან გაგზავნეს ოჯახში, რომელსაც მის აღზრდაზე უნდა ეზრუნა. როგორც რუმინული მედია წერდა, წარსულში მოზარდი ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზებული.

როგორც შემდეგში გაირკვა, გერმანელი მოზარდი გაწევრიანებული იყო სხვადასხვა ექსტრემისტულ ჯგუფში, მათ შორის МКУ-შიც. მალე ერთ-ერთ ვებგვერდზე, რომელზეც მძიმე კადრები, მათ შორის სასტიკი მკვლელობების ამსახველი მასალაც ვრცელდება, გამოქვეყნდა ტობზის 74 წლის ქალზე თავდასხმის ვიდეო. შესავალში კადრებს წინ უსწრებდა ტექსტი, რომელშიც პასუხისმგებლობას МКУ მიიწერდა, Tobbz-ს კი "კულტის ღირსეულ შვილსა" და "მანიაკს" უწოდებდა. ასევე, გავრცელდა ფოტოც, რომელშიც ჩანდა მოზარდის მიერ კედელზე ამოტვიფრული ასოები - МКУ.
Tobbz-ი რუმინეთში МКУ-ს ერთადერთი მხარდამჭერი არ ყოფილა. პოლიციამ რუმინეთში ამავე პერიოდში დააკავა ახალგაზრდა, სახელად ფრანჩესკო, რომელიც ონლაინ ზედმეტსახელად Riley-ის იყენებდა. რუმინეთის პროკურატურა ამბობდა, რომ "МКУ-ს მიერ რეკლამირებულ ანტისოციალურ ღირებულებებს" ფრანჩესკოც იზიარებდა, მეტიც, ის გერმანელი მოზარდის მსგავსად მკვლელობასაც გეგმავდა. 2023 წლის ზაფხულში მოზარდი ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისა და გავრცელების საქმეში დამნაშავედ ცნეს. 2024 წლის მარტში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში რუმინული მედია Recorder-ი წერდა, რომ აღმოაჩინეს МКУ-ს კიდევ ხუთი ადგილობრივი მხარდამჭერი და ასევე მეექვსე პირიც, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკიდან იყო. აღსანიშნავია, რომ ჩხიკვიშვილი სწორედ მოლდოვაში დააკავეს. უცნობია თუ რა მიზნით ჩავიდა ის ამ ქვეყანაში თავის 19 წლის მეგობართან ერთად.
რეალურად, გამოძიების დროს არამხოლოდ Tobbz-სა და Riley-ის შორის კავშირები გამოიკვეთა, არამედ გამოჩნდა უფრო დიდი სურათი, რომელიც МКУ-ს ფარგლებს სცდება და უფრო ფართო ქსელამდე მიდის. ორივე მოზარდის ტექნიკიდან ამოიღეს ბავშვთა პორნოგრაფიისა და განსაკუთრებული სისასტიკის ამსახველი კადრები, მეტიც, აღმოაჩინეს მოზარდი გოგოს ფოტო, რომელსაც სხეულზე ორივე მოძალადის ონლაინ ზედმეტსახელი ეწერა. Riley არამხოლოდ ავრცელებდა ბავშვთა პორნოგრაფიას, არამედ ყიდდა კიდეც. ორივე მოზარდი ერთიანდებოდა ჯგუფ 764-ში. მისი წევრები თინეიჯერ გოგოებს ონლაინ ავიწროებდნენ, აიძულებდნენ საკუთარი ცხოველების დახოცვას, თვითდაზიანების მიყენებასა და სექსუალური შინაარსის ვიდეოების გადაღებას, შემდეგ კი ამ ყველაფრით აშანტაჟებდნენ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ამერიკელი 14 წლის მსხვერპლი აიძულეს, საკუთარი კატა დაეხრჩო, ზაზუნასთვის კი თავი მოეჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცხოვრების განადგურებით ემუქრებოდნენ. 15 წლის კანადელ გოგოს 764-ის წევრები საკუთარი კატის, ძაღლისა და დედის მკვლელობას აიძულებდნენ და ის სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანეს. ამ უკანასკნელზე მენტალურად ძალადობდა როგორც Riley, ისე Tobbz-ი. მედიასთან საუბარში გოგო ამბობდა, რომ "კულტის" წევრებს მისთვის "ტვინი გამორეცხილი ჰქონდათ".
764 გარკვეული ასპექტებით ძალიან ჰგავს МКУ-ს, თუმცა, რეალურად, მათ გარდა კიდევ მრავალი მსგავსი ჯგუფი არსებობს, რომელთაც საერთო ტერმინი Com-ი აქვთ. Com-ჯგუფებზე ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს Der Spiegel-მა, Wired-მა, The Washington Post-მა და რუმინულმა მედია Recorder-მა. როგორც გამოძიებებიდან ჩანს, მსგავსი დაჯგუფებების კვალი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანეთში შექმნილ ცხრა კუთხის ორდენთან მიდის (შემოკლებით - O9A). ეს არის კულტი, რომელიც ნაციზმის, სატანიზმისა და ევოლუციური დარვინიზმის პრინციპებს ეფუძნება. ამავე კულტს უკავშირებდნენ რამდენიმე ბევრად უფრო ცნობილ ნეონაცისტურ დაჯგუფებას, მაგალითად, როგორიცაა ამერიკაში დაარსებული ატომვაფენი. თუმცა, Com ქსელების აქტიურობა ნეონაციზმის ჩარჩოებს სცდება.
764, ცხრა კუთხის ორდენი და ჩხიკვიშვილის კავშირი ამ ჯგუფებთან
რა არის 764
2023 წლის 12 სექტემბერს FBI-იმ გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომელშიც უწყება მოქალაქეებს სადისტური და პედოფილური ონლაინ მოძრაობების შესახებ აფრთხილებდა. სწორედ ამ განცხადებაში ნახსენები იყო 764 და სხვა მსგავსი ჯგუფებიც. გაფრთხილებაში ეწერა, რომ ამ ჯგუფების სამიზნეები 8-დან 17 წლამდე არასრულწლოვანები არიან, რომელთაც საჯაროდ ხელმისაწვდომ საკომუნიკაციო პლატფორმებზე უკავშირდებიან, შემდეგ კი აიძულებენ პირდაპირ ეთერში თვითდაზიანებების მიყენებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნას. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამერიკელმა სამართალდამცველებმა 764 საჯაროდ ახსენეს. თუმცა ეს ჯგუფი FBI-ის რადარზე ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა.
ამ წლის მეორე ნახევარში ამერიკელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ორი ახალგაზრდა: ტეხასელი ბრედლი კადენჰედი და ფლორიდელი ენჯელ ლუის ალმეიდა. ორივე მათგანი 764-ის წევრები იყვნენ, მეტიც, კადენჰედი, რომელიც დაკავების დროს მხოლოდ 16 წლის იყო, ამ ჯგუფის დამფუძნებელია. სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო ამ პირების მიერ ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა და ფოტოებმა, რომლებშიც საუბარი იყო ძალადობაზე, მკვლელობასა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე.
23 წლის ალმეიდას კრიმინალური წარსული უკვე ჰქონდა, ის რამდენჯერმე იყო დაკავებული მანქანის მოპარვის, სახლზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებებით. 2019 წელს ის რამდენიმე მანქანის ქურდობის ბრალდებით ციხეშიც იჯდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ნიუ-იორკში, ქვინსლენდში გადავიდა. ამ პერიოდიდან მისი ონლაინ პოსტები შეიცავდა იარაღის, ნარკოტიკების, მუქარისა და ბავშვებზე ძალადობის შინაარსს. მსგავსი ინტერნეტაქტიურობა იმდენად შემაშფოთებელი გახდა, რომ FBI-ის ყურამდეც მივიდა. პირველად სწორედ ასე დაიწყო 764-თან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. თავდაპირველად საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის მუხლით აღიძრა, თუმცა დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა ბევრად უფრო შემაშფოთებელი მასალები აღმოაჩინეს. გამოძიების დროს 23 წლის პირის ტექნიკიდან ამოიღეს ბავშვთა პორნოგრაფია, რომელზეც თავად მუშაობდა, დაადგინეს, რომ დამნაშავე გოგოებზე ონლაინ ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აიძულებდა თვითდაზიანებების მიყენებას, ერთ-ერთი მსხვერპლი კი, იარაღმიშვერილმა გააუპატიურა.

რაც შეეხება კადენჰედს, გამოძიების მასალების მიხედვით, მისი პრობლემური ქცევები ადრეული ასაკიდან დაიწყო - როცა მხოლოდ 8 წლის იყო, ის უკვე პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდა, შემდეგ კი, ეს ყველაფერი სასტიკი წამების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების სიყვარულში გადაიზარდა (აღსანიშნავია, რომ მსგავსი დეტალები მიხაილ ჩხიკვიშვილის შემთხვევაშიც გამოიკვეთა, როგორც ეს “მთავარი არხის” სიუჟეტში ჩანდა). ბავშვები, რომლებიც მას იცნობდნენ, ჩვენებებში ამბობდნენ, რომ კადენჰედი ონლაინ მედიაში ხშირად აქვეყნებდა პოსტებს, რომლებიც ძალადობას ეხებოდა. როცა ის 13 წლის იყო, საჭირო გახდა მისი პრობაცია, რადგან საშუალო სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაზე საუბრობდა. ერთი წლის შემდეგ ის მცირე ხნით გაგზავნეს არასრულწლოვანთა პრობაციის დაწესებულებაში, რადგან საკუთარი შეწყალების პირობები დაარღვია და რუტინულად უყურებდა განსაკუთრებული სისასტიკის ამსახველ ვიდეოებს. პრობაციის ჩანაწერები აჩვენებდა, რომ კადენჰედი, როცა სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ რჩებოდა, უარს ამბობდა საკონსულტაციო სესიებზე, სახლს ნებართვის გარეშე ტოვებდა, თავს ესხმოდა საკუთარ დედას და რამდენჯერმე მედიკამენტების იმდენად დიდი დოზა მიიღო, რომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
პრობაციის პერიოდში კადენჰედმა დაწესებულების წარმომადგენლებს უთხრა, რომ როდესაც ის ონლაინთამაშ Minecraft-ს თამაშობდა, შეხვდა პირს, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეოების ინტერესი გაუღრმავა. ონლაინ საკომუნიკაციო ქსელი Discord-ის უსაფრთხოების ჯგუფმა დაადგინა, რომ მოზარდი გაწევრიანებული იყო სერვერ CVLT-ზე, სადაც მან არასრულწლოვანებზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და ეროტიკული შინაარსის ვიდეოების გამოძალვის მიზნით მათზე ზეწოლის მეთოდები ისწავლა. ამ სერვერის წევრი იყო კალებ კრისტოფერ მერიტი, რომელიც 2021 წლის თებერვალში 12 წლის გოგოს გატაცებისა და გაუპატიურებისთვის დააკავეს. მერიტს, საბოლოო ჯამში, თავისუფლების 350 წლით აღკვეთა მიესაჯა.
ფაქტობრივად, საკუთარი ჯგუფის დაფუძნების ინსპირაცია კადენჰედმა სწორედ CVLT-ისგან მიიღო. ასე შექმნა კადენჰედმა Discord-ის სერვერი 764, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ დიდ ჯგუფად იქცა. სახელი მოზარდმა საკუთარი ქალაქი სტივენვილის საფოსტო ნომრის პირველი სამი რიცხვის მიხედვით შეარჩია. კადენჰედი თანამზრახველებთან ერთად 764-ის Discord-ისა და Telegram-ის სერვერებს მსხვერპლი ბავშვების მოსაძებნად იყენებდა. მათ სერვერებზე იდებოდა ასობით ვიდეო და ფოტო, რომელიც განსაკუთრებით სასტიკ ძალადობასა და ბავშვთა პორნოგრაფიას ასახავდა, ასევე ავრცელებდნენ სახელმძღვანელოს, თუ როგორ მოეხდინათ გავლენა საკუთარ მსხვერპლებზე. Discord-ის წარმომადგენლების თქმით, მათ 764-ის ასობით წევრის იდენტიფიცირება 2021 წლის იანვარში შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. საკომუნიკაციო პლატფორმამ თავად კადენჰედის ონლაინ აქტიურობის შეჩერება 58-ჯერ სცადა, თუმცა ის ყოველი შემთხვევის შემდეგ ახალ ანგარიშს ქმნიდა. ამავე წლის აგვისტოში სტივენვილის პოლიციამ კადენჰედს მობილური ტელეფონი ჩამოართვა. სამართალდამცველებმა ბავშვთა პორნოგრაფიის 20-ზე მეტი ფაილი აღმოაჩინეს, ასევე ფოტოები, რომლებზეც დაუდგენელი მსხვერპლების თვითდაზიანებები ჩანდა. 2023 წელს კადენჰედს თავისუფლების 80 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
მას შემდეგ, რაც 764-ის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, დამფუძნებელი კადენჰედი და აქტიური წევრი ალმეიდა დააკავეს, ჯგუფის ხელმძღვანელობა ზემოხსენებულმა რუმინელმა, ზედმეტსახელად Riley-მ დაიწყო, მეორე გამორჩეული წევრი კი Tobbz-ი იყო.
რა არის ცხრა კუთხის ორდენი
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი, რომელიც აქამდე ხსენებულ ბოროტმოქმედებს აერთიანებს. რგოლი, რომელიც ჯაჭვს კრავს, ცხრა კუთხის ორდენი, ანუ შემოკლებით O9A (ან ONA) არის.
ცხრა კუთხის ორდენი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დიდ ბრიტანეთში დაარსდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. კულტი სატანიზმისა და ნეონაციზმის ელემენტებს აერთიანებს. აღმერთებენ ისეთ ფიგურებს, როგორიცაა ადოლფ ჰიტლერი. BBC-ის ცნობით, ამ კულტის მიმდევრების წელთაღრიცხვის ათვლის წერტილი სწორედ ჰიტლერის დაბადების დღეა. როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი წერდა, "O9A იზიარებს ნეონაცისტურ, ანტისემიტურ და სატანისტურ რწმენებს და ახალისებს ექსტრემალურ ძალადობას, რათა გამოიწვიოს დასავლური ცივილიზაციის დასასრული". 2020 წლის ივნისში BBC წერდა, რომ O9A-სთან მიმართებით სამართალდამცველთა ყურადღება იზრდებოდა. ამავე ცნობით, ამ პერიოდში ბრიტანეთში მათთან დაკავშირებული რამდენიმე ნეონაცისტი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს.

BBC
როგორც BBC წერს, O9A-ს მოკლევადიანი მიზანია ძირის გამოთხრა მსოფლიო წესრიგისთვის, რომელსაც თავად იუდეოქრისტიანულ საზოგადოებას უწოდებენ, ამის შემდეგ კი მიზნად ისახავენ ახალი ცივილიზაციის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება სოციალურ დარვინიზმზე, სატანიზმსა და ფაშიზმზე. კულტში დაწინაურებულ პირებს ევალებათ სხვადასხვა დავალების შესრულება, მათ შორის საკუთარი მცირე ჯგუფების დაფუძნება და ლიდერული უნარების გამოვლენა. სწორედ ამიტომ, დეცენტრალიზებული ქსელი რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა.
O9A-ს გავლენა აქვს ნეონაცისტურ ჯგუფებზე, როგორიცაა ამერიკული ექსტრემისტული ჯგუფი, ატომვაფენის დივიზია და ზონეკრიგის დივიზია, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მსგავსი ჯგუფები არ ცდილობენ ულტრამემარჯვენეების ფართო მხარდაჭერის მოპოვებას. ამის ნაცვლად ისინი მისდევენ ე.წ. აქსელერაციონიზმის იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც მოხდება სოციალური სისტემის ჩამოშლა და რასობრივი ომი, ამ პროცესის დაჩქარებას კი ძალადობრივი და ამორალური აქტებით ცდილობენ. კულტმა და მისმა მიმდევრებმა პროპაგანდის გასავრცელებლად წარმატებით გამოიყენეს ონლაინ პლატფორმები.
ცხრა კუთხის ორდენის ერთ-ერთ მეთაურად ბრიტანელი დევიდ მიატი მიიჩნეოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ანტონ ლონგის ზედმეტსახელს იყენებდა. ამ ადამიანის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რელიგიას ეცნობოდა - როგორც ქრისტიანობას, ისე აღმოსავლურ რელიგიებს. გარკვეული პერიოდით მან ისლამიც მიიღო და სავარაუდოდ რადიკალ ჯიჰადისტებთანაც ჰქონდა კავშირი.

აშშ-ში O9A-ს ფაქტობრივი განშტოება არის Tempel ov Blood-ი (სისხლის ტაძარი). მისი ლიდერია ჯოშუა კელებ სატერი. მიატის მსგავსად, ის ეცნობოდა ნაციზმსა და სხვადასხვა რელიგიას, იზიარებდა ცხრა კუთხის ორდენის იდეოლოგიას. თუმცა, 2004 წლიდან, როცა მას იარაღის უკანონონო შენახვისთვის ბრალი წარუდგინეს, სატერი FBI-ის ინფორმანტი გახდა. თითქმის 20 წლის მანძილზე, რადიკალურ ნეონაცისტურ ჯგუფებზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სატერმა 100 000 დოლარზე დიდი თანხა აიღო. ეს ინფორმაცია მხოლოდ 2021 წელს გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ სატერი FBI-ის მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევდა, შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მიღებულ თანხას რადიკალი ბოროტი მიზნებით იყენებდა და O9A-სა და Tempel ov Blood-ის პროპაგანდისტულ წიგნებს ბეჭდავდა.
O9A-ს მიმდევარი აშშ-ში ტერორიზმის ბრალდებით პირველად 2020 წელს გაასამართლეს. მაშინ სამართალდამცველებმა დააკავეს აშშ-ს არმიის წევრი, 23 წლის ეთან ფილან მელცერი, რომელიც კულტის მიმდევარი იყო. მელცერი დაუკავშირდა ისლამისტ ტერორისტებს და ინფორმაცია მიაწოდა თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზაზე. დაკავებულს სურდა, რომ ჯიჰადისტებს რაც შეიძლება მასობრივი თავდასხმა მოეწყოთ. მელცერის ცხრა კუთხის ორდენთან კავშირის კვალი 2017 წლამდე მივიდა. როგორც გაირკვა, ჯარშიც სწორედ ინფილტრაციის მიზნით გაწევრიანდა, რასაც O9A საკუთარ მიმდევრებს მოუწოდებს. თუმცა ამ საქმის პარალელურად გამოჩნდნენ სხვა სასტიკი დამნაშავეებიც, რომლებსაც ასევე ჰქონდათ კავშირი ამ კულტთან.

764-ისა და მსგავსი ჯგუფების ყველა ზემოხსენებულ წევრს სწორედ ცხრა კუთხის ორდენი აერთიანებთ. მაგალითისთვის, ენჯელ ალმეიდას ჩხრეკის შედეგად ამოიღეს O9A-ს ე.წ. “სისხლის პაქტი” (კულტისადმი დადებული ფიცი), კულტის მიმდევარი იყო Tobbz-იც, რომელსაც O9A-ს სიმბოლოს, სეპტაგრამის სვირინგი ჰქონდა გაკეთებული, კულტის კიდევ ერთი სიმბოლოს ტატუ ჰქონდა Riley-საც - სამკაპი, რომელსაც 333 აწერია, იკვეთება O9A-სთან სერვერი CVLT-ის წევრის, კალებ კრისტოფერ მერიტის კავშირიც.
როგორ იყო ჩხიკვიშვილი დაკავშირებული 764-თან და ცხრა კუთხის ორდენთან
როგორც რუმინული მედია Recorder-ი საკუთარ გამოძიებაში წერდა, МКУ-სა და 764-ს შორის კავშირი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. МКУ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე ავრცელებდა "ადამიანებზე ნადირობის ინსტრუქციებს". ზუსტად იგივე "სახელმძღვანელოები" გაავრცელა 764-მა და კიდევ ერთმა მსგავსმა ჯგუფმა No Lives Matter-მა. მეტიც, როგორც Recorder-ი წერდა, ჯგუფებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გამოაცხადეს ალიანსი 764-ს, NLM-სა და МКУ-ს შორის.
ამ ალიანსზე წერდა ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმი - TRAC-იც 2023 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში. TRAC-ი ყურადღებას ამახვილებდა ტელეგრამ-არხებზე გამოჩენულ ორ პოსტზე. ერთში საუბარი იყო NLM-ს, МКУ-სა და 764-ს შორის ალიანსზე, მეორეში კი ეწერა - "764 x МКУ სისხლნაფიცი ძმები". TRAC-ი ყურადღებას ამახვილებდა ფაქტზე - ალიანსი გამოცხადდა იმის მიუხედავად, რომ 764-ის მახასიათებლებში ნეონაცისტური ელემენტები არ შედის. ამას გარდა, ხაზგასმული იყო, რომ NLM-ის წახალისებას ხელს O9A უწყობდა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ჩხიკვიშვილი უკვე МКУ-ს ხელმძღვანელობდა. The Wired-ი 17 ივლისს წერდა, რომ 764-თან ალიანსი სწორედ ჩხიკვიშვილმა დაამყარა და მას კომუნიკაცია ჰქონდა ამ ჯგუფის ორ წევრთან, რომელთა ზედმეტსახელებია Xor-ი და Kush-ი, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ჩანს, მედიის გარდა Com ჯგუფების აქტიურობას თვალს დამოუკიდებელი გამომძიებლებიც ადევნებდნენ. ბლოგების გამოსაქვეყნებელ პლატფორმა Medium-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა მსგავსი გამომძალველი და ძალადობრივი ჯგუფების O9A-სთან კავშირი სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე დაკვირვებით შეისწავლა და საკუთარი სტატია გამოაქვეყნა. მასალა ჯერ კიდევ 2024 წლის იანვრით თარიღდება, როცა ჩხიკვიშვილის ამბავი ცნობილი არ იყო, თუმცა სტატიის ავტორმა საინტერესო კავშირს ისე მიაგნო, რომ ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. სტატიაში საუბარი იყო ინსტაგრამის ანგარიშზე, რომლის სახელიც იყო human666grinder-ი. ავტორი წერდა, რომ ეს პირი აქვეყნებდა O9A-სთან დაკავშირებულ ფოტოებს და ჩანდა მისი მხრიდან МКУ-თი დაინტერესებაც. დეტალი, რომელიც ამ ფაქტს საინტერესოს ხდის, ნახსენებია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საქმის მასალებში. FBI-ის აგენტის ინფორმაციით, ზედმეტსახელ human666grinder-ს სწორედ მიხაილ ჩხიკვიშვილი იყენებდა. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ცხრა კუთხის ორდენთან კავშირიც გამოიკვეთა.

როგორც ჩანს, Com ჯგუფების აქტიურობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ახალი გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის შემდეგ გახდა. ყველა ზემოხსენებული მაგალითიდან იკვეთება მსგავსი მოძრაობების მუშაობის სქემა: ახალგაზრდა პირები, რომლებიც მიდრეკილები არიან ძალადობისკენ და რომლებსაც უკვე გარკვეული კავშირები აქვთ ცხრა კუთხის ორდენის მსგავს კულტებთან, ონლაინ სივრცეში ეძებენ ორი სახის ადამიანებს: პირველი, ვინც მათ მსგავსად დაუნდობელია და მათი თანამოაზრე გახდება და მეორე - მსხვერპლებს, ვისაც სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები გააჩნიათ და ვისზეც მარტივად მოახდენენ მანიპულაციას, შემდეგ კი მათზე იძალადებენ. რამდენიმე შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ განსაკუთრებული სისასტიკის შემცველი კადრებით, საბოლოოდ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით მიდიოდნენ 764-ისა და МКУ-ს მსგავს ჯგუფებთან. ამ პატერნის მეშვეობით Com ჯგუფები ერთი მეორისგან მრავლდებიან (როგორც ეს CVLT-ისა და 764-ის შემთხვევაში მოხდა), ან უკვე არსებულ მსგავს მოძრაობებთან ალიანსსა და კავშირებს ამყარებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჯაჭვი კი თავად ცხრა კუთხის ორდენია, რომელიც იმდენად დეცენტრალიზებულია, რომ, როგორც ჩანს, მათ წინააღმდეგ ბრძოლა და მოძრაობაში ჩართულ პირთა გამოვლენა საკმაოდ რთულია.
მსგავს საფრთხეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია როგორც მშობლების, ისე უსაფრთხოების სამსახურების ცნობიერების ამაღლება. ჩხიკვიშვილის შემთხვევიდან ჩანს, რომ ეს პრობლემა უკვე საქართველოს კონტექსტშიც რეალურია. საყურადღებოა ისიც, რომ Com ჯგუფების პატერნების მსგავსია ანონიმური ზარები და შეტყობინებები შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რომლებსაც ბოლო პერიოდში თბილისისა და ბათუმის სკოლები იღებდნენ და მუქარები, რომლებიც ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა.
რაც შეეხება თავად ჩხიკვიშვილს, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი აშშ-ში ექსტრადიცია და როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. როგორც 764-ის წევრების საქმეებიდან ჩანს, მათი პროცესი რამდენიმე წელი გაჭიანურდა, სანამ განაჩენს გამოაცხადებდნენ. ჩხიკვიშვილს ყველა დანაშაულის გათვალისწინებით თავისუფლების 50 წლამდე აღკვეთა ემუქრება.