მანიაკთა მკვლელობის კულტი

ქართველმა ნეონაცისტმა, რომელიც აშშ-ში ბავშვების მოწამვლას გეგმავდა, ბრალი აღიარა

მიხაილ ჩხიკვიშვილი

ნეონაცისტური და ძალადობრივი დაჯგუფების, მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერმა, მიხაილ ჩხიკვიშვილმა, რომელიც მაისში მოლდოვიდან აშშ-ში იქნა ექსტრადირებული, საკუთარი ბრალი აღიარა. სასჯელის სახით ჩხიკვიშვილს თავისუფლების 40 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

"ამ საქმესთან დაკავშირებულმა გამორჩეულმა საგამოძიებო სამუშაოებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა და ხაზს უსვამს კულისებს მიღმა აქტიურობის მნიშვნელობას ჩვენს ფედერალურ სამართალდამცველ აგენტებში. ასეთი ძალადობრივი, ნიჰილისტური, რასისტული ჯგუფები ამერიკელი ხალხისთვის საფრთხედ რჩებიან - ჩვენი სიფხიზლე არ შემცირდება, როცა ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ." - თქვა აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ.

ჩხიკვიშვილის მიერ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა კაშ პატელმაც.

"დღევანდელი ბრალის აღიარებით, დაცვის მხარე აღიარებს შემზარავ გეგმას, რომლის სამიზნეც ებრაელი ხალხი და რასობრივი უმცირესობები იყვნენ და რომ დღესასწაულებზე ბავშვების კანფეტებით მოწამვლასაც კი გეგმავდა. დაცვის მხარის წარმომადგენელი ექსტრადირებული იქნა მოლდოვიდან, რათა ბრალი წარდგენოდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას აპირებ, სადაც არ უნდა იყო, FBI და ჩვენი პარტნიორები გიპოვიან და პასუხს გაგებინებენ." - თქვა პატელმა.

გენერალური პროკურის თანამშემწემ, ჯონ ეისენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩხიკვიშვილის აქტიურობამ სიკვდილი მაინც გამოიწვია

ჩხიკვიშვილი, რომელსაც ქალაქ ნიუ-იორკში რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებზე თავდასხმა სურდა, ტერაქტებისთვის თანამოაზრეების რეკრუტირებას ცდილობდა. 2023 წლის ნოემბრიდან ის ახალი წლის ღამეს შესასრულებელ თავდასხმაზე მუშაობდა. მისი გეგმის მიხედვით, თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები უნდა მიეცა. ახალისებდა აფეთქებებსა და ხანძრის განზრახ გაჩენასაც. პირი, რომლის რეკრუტირებასაც ჩხიკვიშვილი ცდილობდა, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) აგენტი აღმოჩნდა, დაჯგუფების ლიდერის გეგმა ჩაიშალა და შემდეგ, 2024 წლის ივლისში, ის მოლდოვაში დააკავეს. მაშინ ის 21 წლის იყო.

მოლდოვიდან აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ ჩხიკვიშვილს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებასა და მასობრივი ძალადობის მოწოდებაში ბრალი წარედგინა.

ჩხიკვიშვილის მანიფესტით წახალისებული თავდასხმები

დაახლოებით 2021 წლიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა ტერორისტულ მანიფესტს, "მოძულის სახელმძღვანელოს", რომელიც დაჯგუფების წევრებსა და თანამოაზრეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ შორის სკოლებში ცეცხლის გახსნისკენ, მოუწოდებდა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხიკვიშვილის ძალადობრივ მოწოდებებს შედეგად რამდენიმე თავდასხმა მოჰყვა. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევად დასახელებულია აშშ-ში, ნეშვილში, ტენესიში 2025 წლის იანვარში 17 წლის მოზარდის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნა. ამ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თავდასხმამდე მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ ტერაქტს მანიაკთა მკვლელობის კულტისა და კიდევ ერთი დაჯგუფების სახელით აწყობდა. მან ახსენა ძალადობრივი მანიფესტიც, რომელსაც ჩხიკვიშვილი ავრცელებდა.

მეორე შემთხვევად დასახელებულია 2024 წლის აგვისტოში თურქეთში მომხდარი თავდასხმა. მაშინ ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის მახლობლად პირმა, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოებს ატარებდა, ცივი იარაღით დაჭრა დაახლოებით 5 ადამიანი. თავდამსხმელის მანიფესტში ნახსენები იყო ჩხიკვიშვილის მიერ გავრცელებული ტექსტი და მისი ძალადობრივი მოწოდებები.

ჩხიკვიშვილის კავშირი ნაციზმისა და სატანიზმის მიმდევარ დაჯგუფებებთან

აღსანიშნავია, რომ ჩხიკვიშვილის დაკავებამდე ერთ-ერთმა მცირე გამომცემლობამ, რომელიც დაკავშირებულია Tempel ov Blood-თან, ნაცისტურ-სატანისტური დაჯგუფება ცხრა კუთხის ორდენის ამერიკულ განშტოებასთან, გამოაქვეყნა ინტერვიუ მანიაკთა მკვლელობის კულტის (МКУ) ლიდერთან - მეთაურ ყასაბთან. ეს სწორედ ჩხიკვიშვილის მეტსახელი იყო. ინტერვიუში "მეთაური ყასაბი" ამბობდა, რომ МКУ-ს დამფუძნებელს, ეგორ კრასნოვს 2021 წელს პირადად დაუკავშირდა და მას შემდეგ დაჯგუფების საქმიანობაში იყო ჩართული. ის საკუთარ თავს "ტრადიციულ სატანისტს" უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. 

"მეთაური ყასაბი" ასევე საუბრობდა МКУ-ს კავშირზე 764-თან, რომელიც სოციალურ ქსელებში მოქმედი ძალადობრივი ჯგუფია. FBI გამოძიებებს ამ დაჯგუფების წინააღმდეგაც აწარმოებს. 764-თან დაკავშირებული პირები არასრულწლოვნებს თვითდაზიანებების მიყენებასა და თვითმკვლელობას აიძულებენ, ავრცელებენ ბავშვთა პორნოგრაფიას.

ამას გარდა, ინტერვიუში "მეთაური ყასაბი" ხაზს უსვამდა, რომ დაჯგუფების "სულიერი ღირებულებების" ინსპირაციას ნაცისტურ-სატანისტური ცხრა კუთხის ორდენი წარმოადგენდა.

მანიაკთა მკვლელობის კულტი ბოლო წლებში ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ძალადობრივი ქსელების მხოლოდ ერთ-ერთი მცირე ნაწილია. ვრცლად ჩხიკვიშვილის საქმესა და დაჯგუფების ძალადობრივ ნეონაცისტურ და ოკულტისტურ ჯგუფებთან კავშირზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – ჩხიკვიშვილის საქმე და სადისტური ჯგუფები – მანიაკები ინტერნეტის ბნელი კუთხეებიდან

 

კომენტარები