სუს

"ამ დრომდე აღმოჩენილი არაფერია" - სუს-ი თბილისის სკოლებზე ტერაქტის მუქარას სწავლობს

რადიოს თავისუფლების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამჟამად შეისწავლიან ცნობას, რომ 22 აპრილს თბილისის სკოლებზე ტერაქტი იგეგმებოდა. მედიის ცნობით, უწყებაში ამბობენ, რომ რეაგირება მცირე ხნის წინ დაიწყეს და ამ დრომდე "აღმოჩენილი არაფერია".

როგორც გამოცემა წერს, მათ სუს-ში უთხრეს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთ სკოლაში იარაღის აღმოჩენის შესახებ ყალბია. 

ამას გარდა, როგორც რადიო თავისუფლება წერს, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.

სუს-ს დაუკავშირდა ტაბულაც. როგორც უწყებაში დაახლოებითი 02:00-ზე თქვეს, სკოლებში გრძელდება სამუშაოები, თუმცა ამ დრომდე აღმოჩენილი კვლავ არაფერია. როგორც უწყებაში ამბობენ, მოქმედებებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

აქამდე სოციალურ ქსელ ტელეგრამზე გაჩნდა რუსულენოვანი არხი, რომელზეც ანონიმური პირები წერდნენ, რომ თბილისში 22 აპრილს რამდენიმე სკოლაზე თავდასხმას გეგმავდნენ. 

მსგავსი პოსტები გასულ თვეებში ბათუმის სკოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებითაც გავრცელდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაციებიც სიცრუე იყო, რასთან დაკავშირებით სუს-მა მაშინ განცხადებაც გააკეთა.

კომენტარები