უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასულ საათებში კურსკის ოლქში, სულ მცირე, 4 ელექტრო ქვესადგურზე იერიში მიიტანეს.
განცხადების მიხედვით, რუსეთის რეგიონში თავდასხმის დროს გააქტიურდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და ოთხ ქვესადგურზე აფეთქებები მოხდა. შედეგად, რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების ძალების სპეციალური ოპერაციების ცენტრმა ალფამ თავდაცვის ძალების დახმარებით შეასრულა.
უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ობიექტები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მუშაობს, ლეგიტიმური სამიზნეებია. ხაზგასმულია, რომ ეს ელექტროსადგურები ამარაგებდნენ რკინიგზას, რომლის მეშვეობითაც რუსეთს ფრონტის ხაზის მიმართულებით შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გადააქვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობა ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
29 ივლისის ღამით რამდენიმე რუსულ ოლქში აფეთქებების ხმა გაიგეს, ბელგოროდისა და ორლოვის ოლქებში ცეცხლი გაუჩნდა ქვესადგურებს.
ერთი დღით ადრე კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი ამბობდა, რომ უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტრომომარაგების ხაზები.
აქამდე, 28 ივლისს უკრაინის გენშტაბში გამოაცხადეს, რომ წარმატებული ერიში მიიტანეს კურსკის ოლქში მდებარე ნავთობსაცავზე.





