რუსული კანონი

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. 

თამარ კორძაიას თქმითვე, სარჩელს ხელს 38 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს და ისინი სასამართლოსგან რუსული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

"საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ.

საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად, 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ რუსული კანონის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება" - თქვა კორძაიამ. 

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე მაღალი მოლოდინი ვერ ექნება, ოპოზიციისა და საზოგადოების სახელით რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მექანიზმსაც გამოიყენებენ. 

"საკონსტიტუიო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე, მათ შორის იმპიჩმენტის პროცესთან მიმართებით, მოლოდინი მაღალი ვერ გვექნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციით და არ დაექვემდებარება ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას. თუმცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოპოზიციის სახელით, საზოგადოების სახელით ჩვენ შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით" - თქვა ბოკუჩავამ. 

სარჩელზე ხელმომწერებს შორის არ იქნებიან გირჩის წევრები. იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ოპტიმიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, გასაკვირია. 

"არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. როდესაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდოთ ამ სასამართლოს, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს" - თქვა ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 18 ივლისს მიიღო.

17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.

კომენტარები