სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გურიასა და აჭარაში, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობების გამო 10 ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
"საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ.
სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან.
ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე" - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.





