ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, იური კიმის სიტყვებს, რომლებითა მაღალჩინოსანი ქართული ოცნების ნარატივებს აკრიტიკებს.
იური კიმმა საქართველოს მთავრობის შესახებ ისაუბრა Carnegie Endowment-ის ღონისძიებაზე, რომელიც ეხებოდა აშშ-ს როლს სამხრეთ კავკასიაში ახალ რეგიონული წესრიგში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სიცრუე უწოდა ქართული ოცნების ნარატივებს ე.წ. გლობალური ომის პარტიასა და მეორე ფრონტზე.
"როცა ირწმუნები, რომ აშშ-ს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - ფეიკ ნიუსია... როცა ირწმუნები, რომ ამერიკელი ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რაღაცგვარად ჩართულია საქართველოს მსგავსი მეგობრული ქვეყნის არჩეული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების საიდუმლო ოპერაციაში, კვლავ - ფეიკ ნიუსია.
როცა ირწმუნები, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც სურს საქართველოს ავნოს - ფეიკ ნიუსია. როცა ირწმუნები, რომ, ვაშინგტონის მაღალჩინოსნების ქართული ოცნების ქმედებების კრიტიკის მიუხედავად, აშშ-სთან ურთიერთობა ჯანსაღია, როგორც არასდროს - ფეიკ ნიუსია." – თქვა იური კიმმა.
როგორც ალექს რაუფოღლუ ციტირებს, კიმმა ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოების ერთდროულად არსებობა.
"ორივე ერთდროულად ვერ იქნება... ჯერ ვერ იტყვი, რომ შენს ხალხს წარმოადგენ და გსურს მომავალი ევროპაში და მტკიცე ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, შემდეგ კი გააკეთო რაღაცები, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმა მიგანიშნეს, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს უნდა." – ციტირებს რაუფოღლი იური კიმს.
ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რაუფოღლუს ცნობით თქვა: "ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული."