საქართველო-აშშ

ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული – ზურაბიშვილი უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე ორბელიანების სასახლეში 
president.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრა გამართა.

ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა საქართველოს მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული სახელმწიფო და რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა.

"საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს.

განხილულ იქნა "ქართული ქარტიის" მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.  ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს". - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია თბილისში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში ზეია მართავს შეხვედრებს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ.

კომენტარები