აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისში ჩამოსვლის შესახებ უზრა ზეიამ თავის X-ის გვერდზე დაწერა.
"გამარჯობა! ჩამოვედი თბილისში რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის მიმართ. მათ შორის [გამოვხატო მხარდაჭერა] მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების და გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მიმართ. აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს" - წერს უზრა ზეია X-ზე.
თბილისში ჩამოსვლის შესახებ წინასწარ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 10 ივლისს გავრცელდა. უზრა ზეია საქართველოს გარდა რეგიონში სომხეთსაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს გამართავს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ. ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.





