საქართველოს ეროვნული ნაკრები

ქართველი გულშემატკივრებისთვის თბილისი-კიოლნის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები დორტმუნდის სტადიონზე
REUTERS/Wolfgang Rattay

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 29 და 30 ივნისს ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები დაინიშნა. 

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას.

ფრენები განხორციელდება თბილისი - კიოლნი - თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE". - წერია განცხადებაში.

კომენტარები