არჩევნები 2024

"აირჩიე ევროპა" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა არჩევნებამდე კამპანიას ჩაატარებს

კადრი ვიდეოდან / აირჩიე ევროპა

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა - დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.

მოძრაობა აირჩიე ევროპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკის ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც დააანონსა კამპანია, სახელად 100 დღე გამარჯვებამდე. კამპანია 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ჩართულნი იქნებიან ხელოვანები, რეჟისორები, მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, მეცნიერები და სხვა პროფესიის ექსპერტები.

"ქალბატონებო და ბატონებო, ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ყველაზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებისთვის დღეს ფუძნდება სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა.

[...] 2008 წლის ომის დროს ჩვენი დასავლელი მეგობრების - ამერიკელების და ევროპელების დახმარებით შევინარჩუნეთ თავისუფლება. დღეს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებზე უარს ამბობს ე.ი. უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი.

ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, NATO-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარ არის საუბარი, ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო.

ბოლო სამ წელიწადში საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიისა და მიგრაციის გამო შემცირდა 250 ათასი ადამიანით [...], ეს არის ქართული ოცნების მშვიდობის შედეგი - ქართველების ცივი გენოციდი. ამიტომ, ჩვენი ვალია, ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის საქართველოდან გადახვეწილი ქართული ოჯახები.

ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად მთავარი მიზანი არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა. 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე ახალი ერთობა მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში გაშლის კამპანიას - 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ათასობით ქართველი: ხელოვანები, რეჟისორები, მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, მეცნიერები, რკინიგზელები, ენერგეტიკოსები, პედაგოგები, ექიმები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები. ჩვენი ერთობა ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს. მოდით, მოიტანეთ თქვენი იდეები, გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთობით გავიმარჯვოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის". - თქვა ლაგაზიძემ ერთობის წარდგენისას.

სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ხელისუფლებამ, რომელმაც გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას" და ახლა საჭიროა ქართველი ხალხის გაერთიანება, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი.

"დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ ოცნება მოიყვანა სათავეში, მერე მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი, ყველა ეს კამპანია იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო, გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

დღეს რაც ხდება NATO-ს სამიტზე, ის განცხადებები რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის, დარჩა ცოტა დრო - 100 დღე, რაც ცოტაც არის და თან ბევრიც, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. ეს არ არის საარჩევნო კამპანია, ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის რეფერენდუმი და აქ საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ მომავალს გაუკეთა უზურპაცია. საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქართული ქარტია, ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავარწმუნოთ, რომ ხელახლა გაგვიხსნან ის კარი, რომელიც დღეს არის ნახევრად მიხურული - ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა". - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები