NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონის სამიტზე თქვა, რომ პოლონეთში აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ბაზა მზადაა ფუნქციონირებისთვის. ჩრდილოეთ პოლონეთში ამ საჰაერო თავდაცვის ბაზის მთავარი მიზანი იქნება ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და ჩამოგდება. საჰაერო ბაზა აღმოსავლეთის ფრონტზე NATO-ს უფრო ფართო სარაკეტო ფარის კონცეფციის ნაწილია.
სტოლტენბერგის თქმით, პოლონეთში საჰაერო თავდაცვის ბაზის მზაობა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გაზრდილი საფრთხის ფონზე ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"როგორც თავდაცვით ალიანსს, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს საფრთხე. სარაკეტო თავდაცვა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ძირითადი ამოცანების არსებითი ელემენტია" - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც ცნობილია, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა ქალაქ რეძიკოვოში განლაგდა და სისტემას შეუძლია მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 200 ადამიანი მუშაობს. მსგავსი ბაზები ასევე არის რუმინეთში, ესპანეთში და თურქეთში.





