საქართველო-რუსეთი

საქართველოსთვის: რუსეთის განცხადება არჩევნების გაყალბებაში ოცნების დახმარების მცდელობაა

გიორგი გახარია

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ეხმაურება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს.

პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში ქართული ოცნების დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც გაგრძელებაც მოყვება.

"განცხადების თანხვედრა "ოცნების" ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.

გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და "ოცნების" უმაღლესი თანამდებობის პირები - ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუსი-ს როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად.

ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი". - წერია პარტიის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის, ხოლო აშშ-ს გეგმის მთავარი მოთამაშე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათივე მტკიცებით, შესაძლოა იგეგმებოდეს რევოლუციაც. 

კომენტარები