ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის ქონება $700 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, $7.30 მილიარდს მიაღწია

ქართული ოცნება

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 9 ივლისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი  $7.30 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 369-ე ადგილს იკავებს, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე $700 მილიონით გამდიდრდა, რაც მისი ქონების 10.6%-იანი ზრდაა.

Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. როგორც გამოცემა ივანიშვილის კომენტარებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულში არის განთავსებული.

თუმცა, გამოცემა ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც გულისხმობს, რომ ოლიგარქის შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.

1 ვარსკვლავის შეფასება Bloomberg-ის საიტზე შემდეგნაირად განიმარტება: „პიროვნების ქონების უმეტესობა დაკავშირებულია მცირე რაოდენობის მესაკუთრეთა მფლობელობაში მყოფ აქციებთან, რომელთა შესახებ შეზღუდული ინფორმაცია არსებობს. ანალიზი მოითხოვს წინასწარ ვარაუდებს, რათა გამოითვალოს შემოსავალი, მფლობელობა, სხვა ფინანსური საზომები ან პირადი ქონებისა და ნაღდი ფულის ღირებულება. მილიარდერი ან მისი წარმომადგენელი ქონების დათვლაზე კომენტარს არ აკეთებს“.

გამოცემა Forbes-ს კი ივანიშვილის ქონებაში ცვლილებები არ აღუნიშნავს და როგორც 2023, ისე 2024 წლისთვის $4.9 მილიარდად აქვს შეფასებული.

კომენტარები