არჩევნები 2024

ახალი და დროა-გირჩი მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ

დროა/გირჩი მეტი თავისუფლება

ახალი და დროა-გირჩი მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ამის შესახებ პარტიების საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.

ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ხელმოწერაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე, ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში და ევროპულ ცივილიზაციაში, ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ და არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს, დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილებები.

ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში" - თქვა ახალის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იყო "ხანგრძლივი და რთული".

რაც შეეხება ლელოს, რომელიც ახალის და დროა-გირჩი მეტი თავისუფლების გაერთიანებაში მოიაზრებოდა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ "მცირე განსხვავებების" გამო, "ამ წუთში" შეთანხმება ვერ მოხერხდა.

"ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ ლელოსთან, იმიტომ რომ დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის. თუმცა, დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ასევე, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ ყველამ ერთად" - განაცხადა გვარამიამ.

ახალის ლიდერმა ასევე ჩამოთვალა მთავარი პრინციპები, რომელსაც ემყარება პოლიტიკური ერთობა.

"პირველ რიგში, ეს არის დასავლური საზოგადოების წევრობა საქართველოსი. მეორე, ეს არის ართანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და მესამე, ეს არის ოპოზიციური კოორდინაცია და ურთიერთთავდაუსხმელობა, ნებისმიერ ვითარებაში, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ იმ ვითარებაშიც კი, როცა პოლიტიკურად ერთმანეთის კონკურენტები ვართ" - თქვა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები