საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღსანიშნავად პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედებები აგრესიული გახდა, ქუჩებში გაჩნდა ცეცხლის კერებიც. პოლიციამ შეკრებილი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა და მათ ნაწილს ბრალიც წარუდგინა.
IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.
ამავე მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი ხმების 28,0%-ით გავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.0% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე კი მემარჯვენე რესპუბლიკელები გავიდნენ, ხმების 6.6%-ით.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d'Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.





