საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თქმით, ხვალ თანამდებობის დატოვების განაცხადს გააკეთებს

საფრანგეთის პრემიერმინისტრი, გაბრიელ ატალი
Ludovic Marin/AFP/Getty Images

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ორშაბათს იგი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის წერილს გაუგზავნის.

IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.

ამავე მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.

არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი ამჟამად არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აანალიზებს და მოიცდის მანამ, სანამ სრული სურათი არ გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, წინასწარი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მემარცხენეთა ალიანსის, ახალი სახალხო ფრონტის უდიდესი პარტიის, "ქედმოუხრელი საფრანგეთის" ულტრამემარცხენე ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა გამარჯვება აღნიშნა და მაკრონს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.


საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი ხმების 28,0%-ით გავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.0% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე კი მემარჯვენე რესპუბლიკელები გავიდნენ, ხმების 6.6%-ით.

6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d'Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები