მასწავლებლის ხელფასი

ამილახვარი პედაგოგების ხელფასზე: ნდობას ვუცხადებთ პირდაპირ, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს

ჩვენ ავიღეთ სამართლიანი გადანაწილების პრინციპი და ვთქვით, რომ თითოეულ პედაგოგს, ვისაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, სისტემა ნდობას უცხადებს პირდაპირ, არ აქვს მნიშვნელობა მათ სტატუსს - დატვირთვის საათების მიხედვით იქნება ანაზღაურება. 

[...] რაც იყო და არის მასწავლებლების მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ჩვენ სტატუსის დანამატი არ გვინდა, საბაზო ხელფასი გაგვიზარდეთ, მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც უკავშირდება გამოცდების ჩაბარებას, პორტფოლიოების დაცვას და მოგვეცით საშუალება, რომ დავბრუნდეთ საკლასო ოთახში, მეტად ვკონცენტრირდეთ გაკვეთილზე და სწავლების ხარისხზე, უბრალოდ, მოგვეცით ყველას თანაბრად - ჩვენ უბრალოდ მათი თხოვნა დავაკმაყოფილეთ. ეს არ არის გიორგი ამილახვრის ახირება, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მათი მოთხოვნიდან გამომდინარე. 

თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

19 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის, განათლების კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის მიხედვით მიიღებენ. ახალ მოდელს არაერთი მასწავლებლის კრიტიკა მოჰყვა, მათი დათვლით, მენტორის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიუხედავად, ხელფასი მცირედით, მხოლოდ 85 ლარით, 100 ლარით, 190 ლარით გაეზარდათ.

კომენტარები