რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის Sputnik Abkhazia-ს ცნობით, 30 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკამ ჰონგ-კონგში გამართულ ნუმიზმატიკურ გამოფენაზე აფხაზური ბანკნოტები მესამედ წარადგინა. ამის შესახებ Sputnik-ს აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის საგარეო ურთიერთობების სერვისის ხელმძღვანელმა, ლიანა აგრბამ უთხრა.
აგრბას ცნობით, გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციამ ყველა არსებული, მათ შორის, 3 ახალი ტიპის ბანკნოტი წარადგინა. მისივე თქმით, ბანკნოტების რამდენიმე ათასეული ერთეული ჩინელმა, ტაილანდელმა, სინგაპურელმა და სხვა ეროვნების კოლექციონერებმა შეიძინეს.
"თუ ადრე, როცა ჩვენ გამოფენებზე ან კონფერენციებზე მოვდიოდით, ადამიანების უმრავლესობამ არაფერი იცოდა აფხაზეთის შესახებ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ აღარ გვიწევს გამუდმებით ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან ხალხმა უკვე იცის ამის შესახებ". - თქვა აგრბამ, რუსული მედიის ცნობით.