ჩეჩნეთი

რამზან კადიროვმა თავისი ძმისშვილი ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა

რამზან და ხამზატ კადიროვები
Grozny.tv

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი ძმისშვილი ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა.

27 წლის ხამზატ კადიროვი ასევე ჩეჩნეთის ლიდერის მრჩევლის თანამდებობასაც იკავებს.

აქამდე პოსტი ტურპალ-ალი იბრაჰიმოვს ეკავა, რომელიც კადიროვმა შალინის რაიონის ხელმძღვანელად გადაიყვანა.

"ორივე მათგანს (იბრაჰიმოვი და კადიროვი) მმართველ თანამდებობაზე ყოფნის დიდი გამოცდილება აქვთ და დაკისრებულ ვალდებულებებს გაართმევენ თავს". – თქვა რამზან კადიროვმა.

მიმდინარე წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ კადიროვმა თავის ძმისშვილს სიმამაცის ორდენი გადასცა. 

2023 წლიდან დღემდე ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის ქონებრივი და მიწის ურთიერთობების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2020 წელს ხამზატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრად დაინიშნა, რამზან კადიროვის თქმით, მისი ძმისშვილი იმიტომ იმსახურებდა თანამდებობას, რომ ახმატ კადიროვის (რამზან კადიროვის მამა და ჩეჩნეთის ლიდერი) შვილიშვილი იყო.

კომენტარები