საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი ფიცს პარლამენტში დადებს - კანონი დაჩქარებული წესით, I მოსმენით მიიღეს

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

პარლამენტმა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნები პარლამენტის სასახლეში გაიმართება და ლოგიკურია, რომ ფიცის დადებაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდეს.

"მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ახალ პრეზიდენტს და ყოველ მომდევნო პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან შედგება. 300 წევრიდან 150 პარლამენტის წევრია.

კოლეგიაში, ასევე შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკრებულოებიდან პროპორციულობის წესით განსაზღვრული კვოტით შერჩეული ხმოსნები", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები