საქართველო-აშშ

დანიგანი სანქციებზე: მათ, ვისაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ ვალიდური აღარაა

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის უცხოური აგენტების კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო.

კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა.

მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა.

როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა!

ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა!

ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს.

აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე". მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების "პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი".

კომენტარები