წყალმომარაგება

"მესამე პირების" გამო თბილისის ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს - რა ვიცით ამ დრომდე

წყალმომარაგება

"მესამე პირების" გამო თბილისის ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს - რა ვიცით ამ დრომდე

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც უკვე მეოთხე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ჯივიპის თქმით, წყალმომარაგების შეზღუდვა თავდაპირველად 100 000-ზე მეტ აბონენტს ეხებოდა, საგანგებო რეჟიმზე დადასვლის შემდეგ კი, ეს რიცხვი 63 351 აბონენტამდე შემცირდა.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, "მესამე პირების" ჩარევის შედეგად დაზიანდა. 

"ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა". - წერია ჯივიპის განცხადებაში

ვინ არიან მესამე პირები, ამაზე არც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში საუბრობენ და არც სხვა უწყებებში. 18 ივნისს GWP-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანების მიზეზად "საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები" დაასახელა. მანვე თქვა, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება. 

რამდენიმე საათში GWP-ს წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ "პირველადი მონახაზით", სამუშაოებს არ უნდა დასჭირდეს 7 დღეზე მეტი. ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე აღნიშნავს, რომ 7 დღე მოიცავს როგორც გრუნტისგან გათავისუფლებას,  ასევე მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის ახლით ჩანაცვლებას. GWP სამუშაო პროცესის სირთულეზე საუბრობს და გახანგრძლივების მიზეზად დაზიანებულ მონაკვეთზე "ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის" არსებობას ასახელებს.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის განმარტებით, ხეობასთან, ფერდზე რუნტის ნაყარის გამო "შექმნილია ხელოვნურად არაკონსოლიდირებული მასა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, მოძრავ მეწყრად გადაიქცეს". მისი თქმით, ეს არის ტექნოგენური ნაყარი, რომელმაც დააზიანა მილი.

"11 ათასი მანქანაა საჭირო, რომ გაიტანოს ეს გრუნტი იქიდან. ხომ წარმოიდგინეთ ეს სამუშაოები იმ მონაკვეთზე, ვთქვათ, მილის აღდგენის შემთხვევაში რამდენ ხანს გასტანს, ახლა 11 ათასი მანქანა ერთ კვირაში შევა და გამოვა?". - თქვა მან. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, ადგილზე 24-საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. მათი განმარტებით, "ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა, რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა".

19 ივნისის დღის ბოლოს ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა ახალი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.
 

კომენტარები