სომხეთი-ბელარუსი

POLITICO: ბელარუსი აზერბაიჯანს სომხეთთან ომის დროს სამხედრო დახმარებას აწვდიდა

prezident.az

POLITICO გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი და სომხეთის ოფიციალური მოკავშირე მის მეტოქეს, აზერბაიჯანს ფარულად სამხედრო დახმარებას აწვდიდა.

ОДКБ-ს წევრთა ვალდებულებაა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.

გამოცემის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შედის წერილები, დიპლომატიური ჩანაწერები, ქვითრები  და საექსპორტო პასპორტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბელარუსი 2018-2022 წლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობისა და კონფლიქტის ფონზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს აქტიურად ეხმარებოდა.

POLITICO-ს ინფორმაციით, გაჟონილ დოკუმენტებს შორისაა ბელარუსის შეიარაღების ექსპორტის სახელმწიფო სამსახურის წერილები ბელარუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ ფირმებს, რომლებიც აზერბაიჯანისთვის თანამედროვე საარტილერიო სამიზნე აღჭურვილობის დამზადებას ეხება.

გაჟონილია ასევე კომუნიკაცია აზერბაიჯანსა და ბელარუსს შორის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვის Groza-S დრონსაწინააღმდეგო თვითმავალი ელექტრონული ომის სადგურის შეძენასთან დაკავშირებით.

გამოცემა წერს, რომ ბელარუსი აზერბაიჯანს, მათ შორის, ძველი საარტილერიო აღჭურვილობის მოდერნიზაციით და რადიოელექტრული ბრძოლისა და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის (დრონებისთვის) ახალი ეკიპირების მიწოდებით დაეხმარა.

როგორც POLITICO აღნიშნავს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში უკანასკნელ წლებში არტილერია და დრონები ხშირად გამოიყენებოდა, მათ შორის 2020 წელს, ე.წ. მთიანი ყარაბაღში ომის დროს.

ერთ-ერთ დიპლომატიურ მიმოწერაში, რომელიც POLITICO-მ ნახა, წერია, რომ ბელარუსული სამრეწველოები "აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში, ასევე (რედ. აზერბაიჯანში) ბელარუსული საქონლისა და მომსახურების ექსპორტში" აქტიურ როლს ასრულებდნენ.

ერევანის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა, ედუარდ არაკელიანმა, დაადასტურა, რომ გაჟონილი დოკუმენტები სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ გამოყენებულ სამხედრო ტექნიკას ეხებოდა.

"ეს აღჭურვილობა სომეხი ჯარისკაცების წინააღმეგ გამოიყენეს დამანგრეველი შედეგით, ხოლო უზრუნველყოფილი იყო ქვეყნის მიერ, რომელიც სომხეთის მოკავშირე უნდა იყოს. ფორმალურად, ეს ОДКБ -ს ალიანსის სრული რღვევაა, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის ვიცოდით, რომ ბლოკი უფრო მეტად აზერბაიჯანს უჭერდა მხარს". - თქვა არაკელიანმა.

ბლოკის წევრობის მიუხედავად, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შესახებ ნათქვამი აქვს, რომ "არასწორი" იქნებოდა მასთან დაპირისპირება. ამასთან, ალიევმა 2022 წელს თქვა, რომ "ОДКБ-ში სომხეთზე მეტი მეგობარი" ჰყავთ.

როგორც გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი კრემლის მხარდაჭერის გარეშე მოქმედებდა. ერთ-ერთი ექსპერტის, ივანა სტრადნერის თქმით, "ეს აჩვენებს, რომ პუტინისნაირი მეგობრებით, არავის სჭირდება მტრები".

"სასაცილოა, იფიქრო, რომ ეს ტრანსფერები მოსკოვის ცოდნის გარეშე განხორციელდა ან რომ რუსეთი მათ ვერ შეაჩერებდა, თუ ენდომებოდა. მოსკოვისთვის ერთგულება არ არსებობს - ყველაფერი თავიანთი უსაფრთხოების შენარჩუნებაზეა, თუნდაც ეს მათი მოკავშირეების ხარჯზე იყოს". - თქვა სტადნერმა.

აქამდე, დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთიდან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩი გამოიხმო.

მანამდე, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩასვლას არ აპირებს, სანამ მას ლუკაშენკო მართავს. 

სომხეთის პრემიერის თქმით, მათ ОДКБ-ს დატოვება ლუკაშენკოს მიერ ყარაბაღის ომისადმი დაფიქსირებული პოზიციის გამო სურთ. მისივე თქმით, ორგანიზაციის დატოვებაზე უარს იტყვიან, თუ ბელარუსის ლიდერი ბოდიშს მოიხდის.

ამასთან, სომხეთმა ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, რაზმიკ ხუმარიანი.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ქვეყანა ОДКБ-ს დატოვებს.

მიმდინარე წლის 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერება დააანონსა და ბიუჯეტში თანხის შეტანაზე უარი თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთს ორგანიზაციასთან ფინანსური ვალდებულებები კვლავ გააჩნია.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

კომენტარები