რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, 87 დრონი ჩამოაგდეს, ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, აეროდრომი იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 14 ივნისის ღამეს ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში ჯამში 87 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში როგორც ირწმუნებიან, ყველაზე მეტი, 70 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქში, 6-6 ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში, 2-2 ბელგოროდისა და ვოლგოგრადის ოლქებში, 1 კი – ოკუპირებულ ყირიმში.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის მცხოვრებლებმა ღამე აფეთქებების ხმები გაიგეს და ქალაქში ხანძარი გაჩნდა. ამ ქალაქში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი. მასზე იერიში 5 აპრილსაც მიიტანეს.

ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იერიშების დროს, დაახლოები, 2 საათი მუშაობდა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად მოროზოვსკის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ასევე, ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ღამე დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობსაცავზე, რომელიც "უმნიშვნელოდ" დაზიანდა. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ინფორმაციითაც, ვორონეჟის ოლქში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწვავის რამდენიმე რეზერვუარი, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.

 

კომენტარები