არჩევნები 2024

"დაიცავი" და "ისაუბრე" – ჯგუფი "დაიტოვე" მოხალისეებისა და შემოწირულობების მიღებას იწყებს

 

საზოგადოებრივმა ჯგუფმა, დაიტოვემ დღეს, 13 ივნისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალი პლატფორმები დაიცავი და ისაუბრე წარადგინა, რომელთა წარმატებით განხორციელებისთვის მოხალისეებისა და პირადი შემოწირულობების მიღებას იწყებს.

"ჩვენ ვფართოვდებით და ვიწყებთ ახალ პროექტებს, ამისთვის სასწრაფოდ გვჭირდება მოხალისეები და შემოწირულობები. ჩვენი ინიციატივების წარმატებისთვის, თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შემოგვიერთდით ამ ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში საქართველოსთვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად". - წერს ჯგუფი დაიტოვე.

პლატფორმა დაიცავი მიზნად ისახავს 2024 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის მობილიზებას, რათა საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვა უზრუნველყოს "ყოვლისმომცველი ტრენინგებითა და მხარდაჭერით".

"ახლახან მიღებული რუსული კანონის გათვალისწინებით, რომელიც ძლიერ აფერხებს არჩევნების სრულმასშტაბიანი მონიტორინგის შესაძლებლობას, ყველა მოქალაქის ჩართვა საარჩევნო პროცესში გადამწყვეტი ხდება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ხმის მიცემის წახალისება, არამედ საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვის უზრუნველყოფა, ყოვლისმომცემი ტრენინგითა და მხარდაჭერით.

ამის მისაღწევად, ჩვენ ვაორგანიზებთ ვრცელ სატრენინგო პროგრამებსა და შეხვედრებს, რათა მოვამზადოთ თითოეული თავისუფლად მოაზროვნე ინდივიდი, რათა დაიცვან საქართველოს ევროპული მომავალი". - წერს ჯგუფი დაიტოვე.

რაც შეეხება პლატფორმა ისაუბრეს, ის მიზნად ისახავს ყოველკვირეული ონლაინ შეხვედრების ორგანიზებას მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის აქტუალური საკითხების განსახილველად. აღნიშნულს მოდერატორობას ჯგუფი დაიტოვე გაუწევს, შეხვედრების გაშუქება მოხდება Zoom-ის და Youtube-ის საშუალებით, ისევე როგორც დაიტოვეს Facebook ჯგუფში.

"ისაუბრეს მიზანია, უზრუნველყოს თავისუფალი პლატფორმა პოლიტიკური პარტიებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები ძირითად საკითხებზე, საზოგადოებისგან მიიღონ კრიტიკული კითხვები და მოისმინონ ხალხის ხმა. ინიციატივა მიზნად ისახავს წაახალისოს პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის მაქსიმალურ ჩართულობას". - განაცხადა ჯგუფმა დაიტოვემ.

კომენტარები