რუსული კანონი

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ მომიტინგეებს – Massive Attack კონცერტის გაუქმებაზე

ბრიტანული ჯგუფი, Massive Attack-ი 28 ივლისს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოს მთავრობის თავდასხმაზე პროტესტის ნიშნად" მიიღეს.

"ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოს მთავრობის თავდასხმაზე პროტესტის ნიშნად, საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმება გადავწყვიტეთ. არსებულ სიტუაციაში, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის მხარდაჭერა.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ტალახში სვრის და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა გაგონილი, მათი ბრძოლა კი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლებაში.

#დაიცავიპროტესტი". - წერს ჯგუფი X-ზე.

დღეს, 12 ივნისს Black Sea Arena-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა, თუმცა ჯგუფის გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში არაფერი ეწერა.

"სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში". - დაწერა Black Sea Arena-მ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ჯგუფს თხოვნით მიმართეს, სოლიდარობა გამოეცხადებინათ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც რუსული და ანტი-LGBTQ კანონპროექტების წინააღმდეგ იბრძვის. 

"მადლობა რომ დაგვიკავშირდით. თქვენი მოწერილი მენეჯერს გავუგზავნე და ჩვენ ამას ვიძიებთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით საქართველოში ადგილზე რა ხდება, თუმცა თუ ჩვენ გავარკვიეთ, რომ სიტუაცია ისეთია, როგორსაც თქვენ აღწერთ, აუცილებლად "ვიმოქმედებთ"" – დაწერა Massive Attack-ის წევრმა თხოვნის პასუხად.

ბრიტანული ჯგუფის კონცერტის გამართვა Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში იგეგმებოდა. მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან და მისივე თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

კომენტარები