არჩევნები 2024

ზურაბიშვილი: რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, ესაა წინასაარჩევნო ვარჯიში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 11 ივნისს, ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განმარტა, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმი, რომლის ინიციატივა პრეზიდენტმა 28 მაისს, რუსული კანონის მიღების შემდეგ წამოაყენა. 

ზურაბიშვილის თქმით, რეფერენდუმი გულისხმობს წინასაარჩევნო რეგიონულ კამპანიას და ერთგვარ "ვარჯიშს", რომლის ფარგლებშიც ქარტიაში გაერთიანებული პარტიები რეგიონული მასშტაბით იმუშავებენ ქართული ქარტიის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე.

"რაც შეეხება კამპანიას რეგიონებში - დიახ, საჭირო არის, რომ ქარტია იყოს გატანილი პარტიების მიერ და თქვენ მიერ - ამიტომ შემოვიტანე მე (რაზეც არ გვისაუბრია) რეფერენდუმის თემა, რაც დაამახინჯეს.

რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, რომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია. კონსტიტუციამ თქვა და დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, ეს მორჩა და ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია.

რეფერენდუმმა უნდა დაუსვას კითხვა და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ ქართული ქარტია, არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ეს ევროპული მომავალი და ეს არის ერთგვარი ვარჯიში, წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ ეს სარეფერენდუმო კამპანია, რომ რეალურად წყდება საქართველოს მომავალი - გავიტანოთ სწორედ რეგიონებში, გავიტანოთ ახალგაზრდებში - ავუხსნათ, რა არის ქარტია და ეს არის ის, რაც მიგვიყვანს სწორედ ევროპულ გზაზე, დაგვაბრუნებს იმ ევროპულ გზაზე, რაც გაწერილია კონსტიტუციაში და ამას არასოდეს არ შეცვლის და არანაირი საფრთხე ამას არასოდეს გაუჩნდება". - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები