აშშ-სომხეთი

აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას გეგმავენ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი

აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის მთავრობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 11 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს უმასპინძლა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების მხრივ არსებული პროგრესი განიხილეს და მომდევნო წელს კავშირების გასაღრმავებლად საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი განცხადების თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავება ფორმალურად ურთიერთგაგების მემორანდუმში აისახება, ხოლო აშშ-სომხეთს შორის არსებული ორმხრივი დიალოგი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიად გარდაიქმნება.

ამას გარდა, ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა დადებითად შეაფასეს სომხეთის მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს სომხეთის მისწრაფებები, უფრო ახლოდ ითანამშრომლოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან და ზოგადად დასავლეთთან.

ამასთანავე, აშშ-მ 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლთან თანხვედრაში სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მმართველი ქართული ოცნების პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა. კანონის მიღებამდე ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობდა, რომ "თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან". ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ საქართველოსთან მიმართ "ყველანაირ თანამშრომლობას გადახედავდა".

რუსული კანონის მიღების შემდეგ აშშ-მ რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა. ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს სანქციების მხოლოდ პირველი ტალღაა.

ამასთანავე, კონგრესში წარდგენილია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტი, რომელსაც უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ხოლო ჰელსინკის კომისიის თქმით, კონგრესში MEGOBARI აქტის მიმართ "მომენტუმი იზრდება".

კომენტარები