რუსული კანონი

საჭიროა, მხარი დავუჭიროთ სანქციებს, უვიზო რეჟიმის შეჩერებას – ესტონეთის პარლამენტი

ესტონეთის პარლამენტი / riigikogu.ee

ესტონეთის პარლამენტმა, რიიგიკოგუმ, მიიღო განცხადება, რომელიც ქართული ოცნების ქმედებებს გმობს და, მათ შორის, ივანიშვილისა და ხელისუფლების სანქცირებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროების შეჩერებასა და სამთავრობო პროექტების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.

განცხადებაში წერია, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გაიწვევენ რუსულ კანონს, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში EU-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა დაბლოკოს, სამთავრობო პროექტების დაფინანსება უნდა შეწყვიტოს და ეს ფინანსების სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ჩართული სამართალდამცავების, ქართული ოცნების ლიდერებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, EU-ში გადაადგილების აკრძალვას, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში მხარი უნდა დაუჭიროს. იმ შემთხევაში, თუ ეს მოთხოვნა EU-ს დონეზე არ დაკმაყოფილდება, განცხადება მოითხოვს, რომ ეს სანქციები ესტონეთმა დააწესოს და აღნიშნულ პირებს ესტონეთში შესვლა აუკრძალოს.

ამასთან, განცხადების თანახმად, ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან რუსული კანონის გაწვევამდე უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტას უნდა დაუჭიროს მხარი.

"განცხადების თანახმად, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ეს კანონი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტთან წინააღმდეგობაში მოდის, რამდენადაც კანონის უზენაესობის, კანონიერების, პროპორციულობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს არღვევს". - წერია განცხადების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.

ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს გმობს და მოუწოდებს, რუსული კანონი გაიწვიოს და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა სათანადოდ გამოიძიოს.

"რიიგიკოგუ საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, რომ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წინააღმდეგ ძალადობა შეწყვიტოს, ჩაატაროს კანონიერი გამოძიება იმ პირებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, რათა დაიცვას თავისი პირობა კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და გაატაროს რეფორმები, რომლებსაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს და რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს". - წერია განცხადების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები