ევროპარლამენტის არჩევნები 2024

რა ვიცით წინასწარი შედეგებით ევროპარლამენტის არჩევნებზე?

Stefan Wermuth/Bloomberg

6-9 ივნისს ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ყველაზე მეტი წინსვლა მემარჯვენე პარტიებს შორის შეინიშნებოდა, ხოლო ყველაზე მეტი მანდატი მწვანეებისა და განახლებული ევროპის პარტიებმა დაკარგეს.

ეგზიტპოლების მიხედვით, ახალ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტია (EPP) 186 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც 10 ადგილით მეტია წინა არჩევნების მაჩვენებელზე. თავის მხრივ, მეორე ადგილზე მყოფმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა (S&D) ამ არჩევნებზე 6 ადგილი დაკარგა და წინასწარი გათვლებით 133 მანდატს მოიპოვებს.

ამასთანავე, ეგზიტპოლებით, ყველაზე დიდი დანაკარგები განახლებული ევროპისა (Renew Europe) და მწვანეების (Greens) პარტიებმა განიცადეს: ეგზიტპოლებით, მწვანეებმა 19 ადგილი დაკარგეს, ხოლო განახლებული ევროპის პარტიამ - 20.

პარალელურად, ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა, იდენტობა და დემოკრატიამ (ID) 11-ადგილით მეტი მანდატი მოიპოვა, ხოლო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) პარტიამ ერთი ადგილით მეტი.

ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) გაიმარჯვა და ხმების 30.30% აიღო, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD) 16% მოიპოვა, ხოლო კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ხმათა 13.90%-ით მესამე ადგილზე გავიდა და ბოლო წლებში ყველაზე გაუარესებული შედეგი აჩვენა.

ამავდროულად, ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. ლე პენის ეროვნული გაერთიანების სიამ ხმების 31.50% მოიპოვა, ხოლო მაკრონის ფრაქციამ Besoin D'Europe, რომელიც ექვს პარტიას აერთიანებს, ხმების 15.20%-ი აიღო. ევროპარლამენტის წინასაარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით ასევე გამარჯვებულია პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია, რომელმაც არჩევნებში 38.20% აიღო, ხოლო ოპოზიციურმა კანონისა და სამართლიანობის (PiS) პარტიამ 33.90% მოიპოვა. მესამე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე კონფედერაცია, ხმების 11.9%-ით, გავიდა.

ეგზიტპოლების შედეგებით, პროევროპული ცენტრისტული-მემარჯვენე, ცენტრისტული-მემარცხენე, ლიბერალური და მწვანეთა პარტიები ევროპარლამენტში 451-ადგილიანი უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებენ, თუმცა ეს წინა პარლამენტის 488-მანდატიან უმრავლესობასთან შედარებით მკვეთრად გაუარესებული შედეგია.

კომენტარები