ქართული ოცნება

ბოლქვაძე: კვლევა ჩატარდება, ველურ ვერბალურ ქმედებათა წინააღდეგ მექანიზმის შესამუშავებლად

ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე იმუქრება, რომ შეიმუშავებენ მექანიზმს, რომელიც "ველური ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ" იმოქმედებს.

"იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო  და სმს ზეწოლები შერჩებათ ,წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია! დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალოსწინებს   ციხეს  და  ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით! საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები  ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში." – წერს ბოლქვაძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბოლქვაძეს საკუთარი პოსტისთვის დართული აქვს ბმული, რომელშიც საუბარია საფრანგეთში მორალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საპასუხო ზომებზე. თუმცა, საფრანგეთის სახელმწიფოს ამ ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ მორალურ შევიწროებად ითვლება განმეორებითი სახის მქონე ისეთი სიტყვები ან ქმედებები, რომლებიც ადამიანის "გააუარესებს საცხოვრებელ პირობებს" და გამოიწვევს მსხვერპლის "ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის გამწვავებას". აქვე, ბოლქვაძე არ ახსენებს ამ კანონის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ საჯარო მოხელე ადამიანის მორალური შევიწროებისთვის შესაძლოა 30 000 ევროთი დაჯარიმდეს და დაკავებული პოზიციიდან იქნას გათავისუფლებული.

აღსანიშნავია, რომ პოსტზე ბოლქვაძეს მონიშნული ჰყავს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის დიტო სამხარაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავადვე აღიარა, რომ აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შევიწროებას, მათ ოფისებზე თავდასხმებს ორგანიზებას უწევდა.

 

კომენტარები