გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და ამ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც კანონის ოპონენტების მარცხად და მით უმეტეს, არ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად, ასე ცდილობენ ხოლმე რომ წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. ამ კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას.
ამ ორი თვის განმავლობაში, კანონის შესახებ გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია. იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი. თუმცა, ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, გვერდზე გადავდოთ არასაჭირო ემოციები, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვინც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება.
ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით უკვე წლებია ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან.





