სიცხადე და ბუნდოვანება
რუსული კანონის მიღების შემდეგ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, ვიდრე ამ წლის მარტში. ოღონდ ჯერ მხოლოდ ბუნდოვნად ვხვდებით, მაინც რამდენად სხვაა ეს ქვეყანა და ზუსტად მთლად კარგად არ ვიცით, ახლა რა ვქნათ.
თითქმის ორთვიანი პერიოდი კანონის ხელახლა შემოტანასა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შორის საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც საქართველოს ევროპულ ქვეყნად ხედავს (და ვისთვისაც ეს ტექსტი იწერება), სიცხადის პერიოდი იყო. ყველამ ზუსტად იცოდა, რა იყო მთავარი ამოცანა: კანონის გაპროტესტება.
ეს ეტაპი დამთავრდა: კანონი მიღებულია და, ამ ხელისუფლების ხელში, ამას აღარაფერი ეშველება. საკონსტიტუციო სასამართლოში მისი გასაჩივრებაც სწორია და 84 დეპუტატისთვის, ვინც მას ხმა მისცა, „მონების“ და „მოღალატეების“ ძახილიც. მაგრამ ეს მაინც სიმბოლური, არსებითად, გულის მოსაფხანი ქმედებებია. ეს კონკრეტული მატარებელი წავიდა.
წესით, ახლა ახალი სიცხადე შეიქმნა. გვყავს მთავრობა, რომელიც რუსულ სამყაროში, ევრაზიულ სტეპში მიგვათრევს. ჩვენ და საზოგადოების უმრავლესობას ევროპული საქართველო გვინდა. ბედზე, არჩევნებიც კარზეა მომდგარი. არჩევნები უნდა მოვიგოთ და ქვეყანა თავის კუთვნილ ადგილზე დავაბრუნოთ. მარტივია.
მაგრამ რაღაც ხარისხით, დაბნეულობა და მერყეობა მაინც იგრძნობა. ჩემი დაკვირვებით, ის უფრო ბრძოლის მეთოდებს ეხება, ვიდრე მიზანს, საფუძვლად კი ყველაფერს საკუთარი ძალების არასაკმარისი რწმენა უდევს. ვიცით, რა გვინდა, მაგრამ არა ვართ დარწმუნებული, როგორ მივაღწიოთ ამას, ან რამდენად ძლიერები ვართ საამისოდ.
ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ, ტექნიკურად, რუსული კანონის ეპოპეა მარცხით დამთავრდა. თუ ახლა დავმარხდით, რატომ გვაქვს ოქტომბერში გამარჯვების იმედი?
29 აპრილის მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა აგვიხსნა, რომ სწორედ ამაში იყო მისი ბრძნული გათვლა: კანონის წინააღმდეგ უნაყოფო პროტესტით ოპონენტები დაიღლებიან და დამარცხებულის კომპლექსს აიკიდებენ. ამის შემდეგ, არჩევნების მოგებაც გაიოლდება.
იმუშავა მისმა გათვლამ? გულის სიღრმეში ბევრს ეშინია, მართლა ასე ხომ არაა.
დღეს მთავარი პრობლემაა არა მიზნის სიცხადე ან ტაქტიკური, თუნდაც თავისთავად აგრეთვე მნიშვნელოვანი, საკითხები („ერთი ოპოზიციური სია ჯობია თუ სამი?“), არამედ საკუთარი ძალების რწმენა და ოპტიმიზმით ნასაზრდოები ენერგია.
პროევროპული ან, რაც იგივეა, პროქართული ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, თუ ძალის და ოპტიმიზმის გამოსხივებას შეძლებს. ამის გარეშე კი წააგებს, რაც გინდა ცხადი იყოს, რომ ევროპა რუსეთს ჯობია.
მოიგო თუ წააგო ბიძინა ივანიშვილმა რუსული კანონით?
პოპულარული კითხვაა, რა ამოძრავებდა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც რუსული კანონი ხელახლა შემოიტანა. შესაძლოა, მან მოინდომა, არჩევნების წინ თავი დაეზღვია და საძულველი სამოქალაქო საზოგადოება წინასწარ გაენეიტრალებინა (როგორც ზევით უკვე ვახსენე). შესაძლოა, მოსკოვიდან სწორედ ახლა გაძლიერდა ზეწოლა, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ღია კონფლიქტზე წასულიყო. შესაძლოა, გასაღები დიქტატორის მენტალურ არაადეკვატურობაშია - მას მართლა სჯერა „გლობალური ომის პარტიის“ ბოდვის და გადაწყვიტა, ყველასათვის მოულოდნელი გენიალური სვლით ჩაეშალა დასავლეთის შეთქმულება მის წინააღმდეგ. ეს ახსნები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება; დიდი ალბათობით, მათ კომბინაციასთან გვაქვს საქმე.
მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს: ზუსტ პასუხს მაინც ვერ გავიგებთ. მთავარია, რა შედეგი მივიღეთ შიდაპოლიტიკური ძალების ბალანსის თვალსაზრისით.
ზედმეტის ოპტიმიზმის გამოხატვა თუ თავის მოტყუება არ მეჩვენება იმის თქმა, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა, როგორც ამერიკელები ამბობენ, საკუთარ თავს ფეხში ესროლა. მან საზოგადოების დიდი ნაწილის საკუთარი თავის წინააღმდეგ აქამდე არნახული მობილიზაცია გამოიწვია. არანაირი გარანტია არ არის, რომ კანონის საბოლოო მიღება გადაღლას, ხელის ჩაქნევას და დემობილიზაციას გამოიწვევს.
მუხტმა შეიძლება რამდენადმე დაიწიოს, მაგრამ ის სრულიად არ განქარდება. მეტმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ხელისუფლების შეცვლა არა მარტო სასურველია, არამედ სრულიად აუცილებელი. ის არც მანამდე მოსწონდა ბევრს; მაგრამ უფსკრულის პირას ყოფნის განცდა არ არსებობდა - ახლა ის ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ან გაუძლიერდა. მეორეს მხრივ, „ოცნების“ შედარებით მყარ მომხრეთა ნაწილსაც არ შეიძლება, არ შეპარვოდა ეჭვი ივანიშვილის გზავნილში, რომ მას ფრთხილად და ბრძნულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ევროპული გზით მიყავს ქვეყანა.
ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის რესურსი ობიექტურად საკმაოდ გაიზარდა. თუმცა ამ რესურსის ეფექტიანად გამოყენებას ადექვატური ორგანიზაციული ფორმები სჭირდება. ეს ფორმები მხოლოდ ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა მოიფიქრონ და განახორციელონ. საზოგადოება, რომელმაც სიჯიუტე, გამბედაობა და თვიტორგანიზაციის საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა, ქმედების ახალ ფორმებზე უნდა გადავიდეს. სულაც არაა აუცილებელი, ეს ქმედებები პარტიების ეგიდით მოხდეს, მაგრამ პარტიის, როგორც პოლიტიკური ფორმის, პრინციპული მიუღებლობა უნდა გადაილახოს და არსებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის თუ კოორდინაციის მექანიზმებიც მოინახოს.
"ესენი არჩევნებით არ წავლენ"
ოპოზიციური საზოგადოების მთავარი მტერია არა რესურსების, არამედ საკუთარი ძალების რწმენის და მხოლოდ ამის შემდეგ - ორგანიზაციული უნარების დეფიციტი (თუმცა ეს უკანასკნელიც მნიშვნელოვანია).
ყველაზე მავნე გზავნილი, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს, არის „ესენი არჩევნებით არ წავლენ“. ის, რომ დიდ უმრავლესობას იმ ხალხისა, ვინც ამას იმეორებს, გულწრფელად უნდა ხელისუფლების ცვლილება, ამ შეფასებას არ ცვლის.
ყველანაირი ავტორიტარული მმართველობის მთავარი საფუძველია ჰიპნოზი: ის ქმნის შეუვალი სიძლიერის ილუზიას და ამით არწმუნებს ადამიანებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა ფუჭია. როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანს, ამ ჰიპნოზის ძალა კარგად მახსოვს. ის არა მხოლოდ საბჭოთა ადამიანებზე, არამედ დასავლელი სოვეტოლოგების მრავალათასიან არმიაზეც მუშაობდა. როგორც კი ჰიპნოზის ძალა შესუსტდა, საბჭოთა კავშირი ხუხულასავით ჩამოიშალა.
„ესენი არჩევნებით არ წავლენ“ ახალი არ არის და ჩვენს უახლოეს ისტორიაში უკვე რამდენჯერმე გაყალბდა. ეროვნული მოძრაობის წლებში პოპულარული იყო თქმა, რომ შეუძლებელია, კომუნისტების მოწყობილ არჩევნებში ოპოზიციას მიეცეს გამარჯვების საშუალება; ვინც სხვანაირად ფიქრობდა, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან გულუბრყვილო ადამიანებად მიიჩნევდნენ. კიდევ კარგი, რაღაც ეტაპზე ზვიად გამსახურდიამ - რომელიც თავდაპირველად „კომუნისტურ არჩევნებში“ მონაწილეობის წინააღმდეგი იყო - აზრი შეიცვალა და თავისი მომხრეებიც დაიყოლია. მაშინ, როგორც ვიცით, არჩევნები ოპოზიციამ მოიგო.
ანალოგიური განწყობა იყო ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში. მაშინ სკეპტიკოსები, ზედაპირულად, მართალი აღმოჩნდნენ: არჩევნების შედეგები მართლა მასობრივად გაყალბდა. მაგრამ ძლიერი წინასაარჩევნო მობილიზაცია და არჩევნებში ფაქტობრივი გამარჯვება რომ არა, მეეჭვება, არაძალადობრივი რევოლუცია წარმატებული ყოფილიყო.
მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებისგანაც ბევრჯერ გამიგია, რომ „ესენი არჩევნებით არ წავლენ“. 2007 და 2009 წლის გამოსვლები სწორედ ამ ხედვას ემყარებოდა: ხელისუფლება რუსთაველზე ხალხის მობილიზაციით უნდა შეიცვალოს და არა არჩევნებით. ხალხი შეიკრიბა, შედეგი კი არ დადგა. თუ ბიძინა ივანიშვილს რაიმე დამსახურება აქვს, ეს ისაა, რომ მან შექმნა დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი (ჩემი აზრით, 1990-ისაც უნდა ითვლებოდეს, მაგრამ ის საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლის ზოგად კონტექსტში ჩაიკარგა).
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ესენი არჩევნებით არ წავლენ“ (მაშასადამე, ძალით უნდა გავაგდოთ) ხედვამ გაიმარჯვა, იყო 1991 წელი, როცა მაშინდელი ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას რეჟიმს დაუპირისპირდა. ამის კატასტროფული შედეგები ვიცით.
რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მრავალგზის გაყალბებული სენტენცია „ესენი არჩევნებით არ წავლენ“ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაში უნდა აღმოჩნდეს სწორი? ცხადია, თუ თავს წინასწარ დაირწმუნებ, რომ ასეა, წინასწარმეტველებაც გამართლდება.
თუმცა წლის დასაწყისში ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ არცთუ პოპულარული და დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, „ოცნებას“, თავისი ადმინისტრაციული რესურსებით და უკანონო მეთოდების გამოყენებით, არ გაუჭირდებოდა ოქტომბრის არჩევნების მოგება, თავად ბიძინა ივანიშვილი ამაში, როგორც ჩანს, დარწმუნებული არ ყოფილა. როგორც მისი პოლიტიკაში მოულოდნელი „დაბრუნება“, ისე რუსული კანონის ხელახლა შემოტანა მოწმობს, რომ ის შფოთავდა: ეს არ ჰგავს თავის თავში დარწმუნებული კაცის ქმედებებს. სადაც ის საკუთარ სისუსტეს ხედავს, ოპონენტები მხოლოდ მის ძალას რატომ უნდა უსვამდნენ ხაზს.
არც საქმის ზედმეტად გამარტივება მინდა: „ოღონდ მოვინდომოთ და ადვილად მოვიგებთ“. ივანიშვილის რეჟიმსაც აქვს სერიოზული კოზირები, გარდა აღნიშნული უკანონო მეთოდების გამოყენების: რუსეთის რეალური შიში, რითაც ის საკმაოდ ოსტატურად თამაშობს, ეკლესიის დიდი ნაწილის მხარდაჭერა და სხვა. მაგრამ მას სერიოზული და აშკარა სისუსტეებიც აქვს. ფუნდამენტური და სრულიად თვალსაჩინო კონფლიქტი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან, რომლის დამალვასაც ხელსუფლება წარუმატებლად ცდილობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთია. ამ რეჟიმის დამარცხება ოქტომბრის არჩევნებში რთული, მაგრამ რეალისტურია. ალტერნატივა კი მართლა უფსკრულია.




