რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას უნდა მიეცეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება – მაკრონი და შოლცი

საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა ესკალაცია, ეს არ შეცვლილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტები ისვრიან, სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, დაარტყან სხვა სამიზნეებს, სამოქალაქო ან სხვა სამხედრო ობიექტებს რუსეთში". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

პარალელურად, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს. მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას.

"უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. უცნაურად მიმაჩნია, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას არ უნდა მიეცეს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს ზომები, რომლებიც ამისათვის შესაფერისია". - თქვა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები