ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ბლოკში საქართველოს გაწევრიანებას.
"ხაზი უნდა გაესვას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.
აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა". - თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.