რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება NATO-ს ომის მონაწილედ არ ხდის

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Valeria Mongelli/Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ უკრაინა დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენებს, ეს ალიანსს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ უკრაინას იარაღს ვაწვდით, NATO-ს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს. ჩვენ გვაქვს უფლება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ისე, რომ კონფლიქტის მონაწილე არ გავხდეთ, რადგან ჩვენ ვეხმარებით უკრაინა თავდაცვის უფლების დაცვაში. ზოგიერთ მოკავშირეს არასდროს დაუწესებია შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყენოს უკრაინამ მიწოდებული იარაღი და როდესაც მათ უკრაინას იარაღი გადასცეს, ეს უკრაინის იარაღია. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ეს უფლება მოიცავს, უკრაინის გარეთ, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებსაც.

"ყველაზე მძიმე ბრძოლა ახლა ხარკოვის რეგიონში მიმდინარეობს, უკრაინა-რუსეთის საზღვართან ახლოს და საზღვრის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ფრონტის ხაზი. შესაბამისად, უკრაინელებისთვის რთული იქნება საკუთარი თავის დაცვა, თუ ისინი ვერ მიაყენებენ დარტყმებს საზღვრის მეორე მხარეს მდებარე სამხედრო სამიზნეებს". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები