23 მაისს ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სულ მცირე, $50 მილიონის დახმარებას ითვალისწინებს.
ამას გარდა, კანონპროექტის 203-ე პუნქტით სენატი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ავალდებულებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს შემდეგი ანგარიშები წარუდგინოს:
-
საქართველოს შიგნით და გარეთ დეზინფორმაციის მცდელობების შეფასება, რომელიც ევროკავშირთან და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობას უთხრის ძირს.
-
იმ წყაროების სია, რომლებმაც ზემოხსენებულ დეზინფორმაციაში აქტიური როლი ითამაშეს, და ასევე მთავრობის მხრიდან აღნიშნულ დეზინფორმაციასთან გამკლავების მცდელობების სია, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ზღუდავს.
-
შეფასება იმის, თუ რამდენად ახერხებენ მავნებლური აქტორები ქართული პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლას, რათა სწორი მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები დაიცვან და მისდიონ.
-
სავარაუდო პოლიტიკის გატარებაზე რჩევები, რათა დემოკრატია და კანონის უზენაესობა დაცული იყოს, ხოლო მავნებლური აქტორები - დასჯილი.
-
საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და დათრგუნვის მცდელობების ზოგადი შეფასება, ხოლო სია იმათი, ვინც ყოველივე ამაზეა პასუხისმგებელი.
-
საბოლოოდ, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის, ასევე მათი საინფორმაციო ოპერაციების შეფასება.
კანონპროექტის მიხედვით, 203-ე პუნქტის (a) ქვეპუნქტში მოთხოვნილი ანგარიშები წარდგენილი იქნება არასაიდუმლო ფორმით, თუმცა დამატებით ექნება გასაიდუმლოებული დანართი, სადაც სენსიტიური ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.