რუსული კანონი

ხუნდაძე MEGOBARI Act-ზე: ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე კეთილგანწყობის

პარლამენტი

ივანიშვილის დეპუტატი, პარტია ხალხის ძალის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე MEGOBARI Act-ს Facebook-პოსტით გამოეხმაურა და ინიციატივა "გათხელებული ქუჩის წახალისებად" შეაფასა. 

"მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ "მუშტრის" თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

იარაღის მოწოდება და "ჭკვიანად მოქცევის" შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის.

ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია.

კარგი ხმაურისთვის ვიზას პირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის - სანქციებს.

სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც გაუმჭვირვალობა.

ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულიბენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ.

იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.

რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა.

ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის". - წერს Facebook-ზე ივანიშვილის დეპუტატი, ხალხის ძალის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act - საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, კურსის ცვლილების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის საკითხიც.

კომენტარები