რუსული კანონი

ხარისხის ცენტრის თანამშრომლები: კატეგორიულად ვემიჯნებით დღევანდელ განცხადებას

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი

განათლების ხარისხის გავნითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი დღეს, 15 მაისს, ცენტრის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განხადებას გამოეხმაურა. 

როგორც თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში წერია, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ დღევანდელ განცხადებას - მათი თქმით, აღნიშნული განცხადებით იჩრდილება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელი, გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, ისევე, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და ზოგადად, ცენტრის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი. 

ვხელმძღვანელობთ რა უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია სტუდენტზე ორიენტირება, საგანმანათლებლო პროცესის მოქნილობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია. მზად ვართ ვემსახუროთ განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს როგორც ამას ვაკეთებდით პანდემიის პირობებში და გვწამს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე ღირსეულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის ადეკვატურად წარმართვას, სწავლის შედეგების მიღწევას და საზოგადოების მსახურებას, რადგან არასდროს ასე საჭირო და დროული არ ყოფილა უნივერსიტეტის მესამე მისიის აღსრულება.

საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე.

ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად". - წერია განცხადებაში.


აქამდე, განათლების ხარისხის განივთარების ცენტრის განცხადების გავრცელების შემდეგ, ცენტრის სამმა თანამშრომელმა - ლუკა ბერაიამ, გიორგი ოდოშაშვილმა და ნინო დოლიძემ - პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვეს

კომენტარები